თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. ცნობილმა ფოტოგრაფმა და დიზაინერმა ირმა შარიქაძემ საქართველოში ეთნიკური ბოშებისადმი მიძღვნილი ახალი პერფორმანსი „მე ბოშა ვარ“ წარმოადგინა.
პროექტი Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს მოდის კვირეულზე იყო წარმოდგენილი, რომელიც თბილისში 2-7 ნოემბერს გაიმართა.
ჟურნალმა National Geographic-მა ოქტომბრის ნომერში გამოაქვეყნა შარიქაძის ფოტოპროექტი „ბოშები ფარდის მიღმა“. პროექტი ეძღვნებოდა ქუთაისში მცხოვრებ ბოშების დიდ ოჯახს.
„საუკუნეების განმავლობაში, მიუხედავად მთელ მსოფლიოში დევნისა და დისკრიმინაციისა, ცხოვრების მომთაბარე წესის წყალობით ისინი (ბოშები) ერთგულად ინარჩუნებდნენ უძველეს ტრადიციებსა და ნაციონალურ იდენტობას. დღეს ბოშათა უმრავლესობის ძირითად საქმიანობად მათხოვრობა მიიიჩნევა, რაც ყველაზე მცდარი სტერეოტიპია და მათ მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას კიდევ უფრო აღრმავებს. მე გამიმართლა, ჩემ წინ ბოშების საოცარი სამყაროს კარები გაიღო და ჩემი გული დაიპყრო“, — წერს შარიქაძე „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.
მრავალფეროვანი ბოშური ტანსაცმელი, ლამაზი დეკორაციები, ვიოლინო, ლამაზი მუსიკა — შარიქაძემ პერფორმანსში ბოშების ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო მოვლენა — ქორწილი გააცოცხლა. ყველა სამოსი, რომლებშიც მოდელები იყვნენ გამოწყობილი, შარიქაძემ შექმნა.
დიზაინერის თქმით, ბოშებთან მუშაობისას მან გაიგო, თუ რამდენად მდიდარი შინაგანი სამყარო აქვთ მათ, როგორი ნიჭი აქვთ – იყვნენ ბედნიერი, მიუხედავად მძიმე ცხოვრებისეული პირობებისა.
შარიქაძე საზოგადოებისთვის ცნობილი თავისი ფერადოვანი პროექტებით გახდა. მას ეკუთვნის ისეთი გახმაურებული პროექტები, როგორიცაა „ფრიდა კალო“, Generation P, „კარმენი“. ეს პროექტები დღემდე პოპულარობით სარგებლობს.