თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. „Sputnik მნენიას“ გამოკითხვის თანახმად, რომელიც კვლევითმა კომპანია Ifop-მა საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ის დაკვეთით ჩაატარა, საფრანგეთის (56%), ესპანეთის (55%), იტალიის (53%) მოქალაქეთა უმეტესობას, გერმანიის მოსახლეობის ნახევარს, პოლონელების 47%-სა და ბრიტანელების 36%-ს აშშ-ის პრეზიდენტად ჰილარი კლინტონის ხილვა სურთ. ამასთან, ბოლო მონაცემების თანახმად, თავად ამერიკელების მხრიდან ჰილარი კლინტონსა და დონალდ ტრამპს თითქმის თანაბარი მხარდაჭერა აქვთ. მოსაზრებებში ასეთი განსხვავება შეიძლება საერთაშორისო მედიის მიერ ჰილარი კლინტონის მხარდასაჭერად გამართული საინფორმაციო კამპანიის შედეგი იყოს. ამას ადასტურებს მინიმუმ სამი გავლენიანი გამოკითხვა, რომელთა თანახმად, „ამერიკელების უმეტესობა დარწმუნებულია მედიის მისწრაფებაში, ხელი შეუწყოს ჰილარი კლინტონის გაპრეზიდენტებას“.
მსგავსი პოზიციები უკავიათ ევროპელ ექსპერტებს:
ქსავიე მორო (Xavier Moreau), გეოპოლიტიკის შესახებ ვებ-გვერდ Stratpol-ის რედაქტორი: „ამაში ეჭვი არავის ეპარება. კლინტონი — სისტემური კანდიდატია და დასავლური მედია ამ სისტემას მხარს უჭერს“.
დიანა ჯონსტონი (Diana Jonhstone), ამერიკელი ჟურნალისტი და მწერალი: „უნდა გითხრათ, რომ მე ეს ციფრები საკმაოდ დაბალი მეჩვენება, თუ გავითვალისწინებთ იმ მედია-პროპაგანდას, რომელიც ტრამპის საწინააღმდეგოდ და კლინტონის მხარდასაჭერად გაიმართა… ის, რომ კლინტონს მხოლოდ 56% ანიჭებს უპირატესობას, ეს ფრანგების გარკვეულ წინააღმდეგობას (პროპაგანდაზე) მიანიშნებს“…
ფრანსუა-ბერნარ იუგი (François-Bernard Huyghe), ექსპერტი კომუნიკაციის სფეროში: „ეს უფრო „ანტიტრამპიზმია“, ვიდრე ჰილარის დაცვა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ფრანგული მედია მუდამ საუბრობს ტრამპის მარცხზე, ტრამპის სექსიზმზე, ტრამპის ვულგარულობაზე, ტრამპის აგრესიულობაზე. და მედიაში ამ პრიზმის მეშვეობით, ფრანგებს ტრამპისადმი უარყოფითი დამოკიდებულება გაუჩნდათ, სამართლიანია თუ არა ეს — ეს სხვა თემაა. მე უფრო გაკვირვებული ვარ, ყოველივე იმის ფონზე, რასაც ჩვენ მედიაში ვხედავთ, ტრამპისადმი ფრანგების მტრულმა რიცხვმა 90%-ს რომ ვერ მიაღწია“.

კითხვაზე, „აშშ-ის მომავალ პრეზიდენტად ვისი ხილვა გსურთ“, ესპანელების მხოლოდ 3%-მა, გერმანელების 5%-მა, ფრანგების 6%-მა, პოლონელების 8%-მა და ბრიტანელების 10%-მა უპასუხეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის ხილვა სურთ. პასუხი „არ ვიცი“ გერმანელების 6%-მა, ბრიტანელების 8%-მა, იტალიელების 9%-მა, ესპანელების 11%-მა, ფრანგების 13%-მა და პოლონელების 21%-მა აირჩიეს.
გამოკითხვა საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-სთვის ფრანგულმა კვლევითმა კომპანია IFop-მა 22-დან 26 ოქტომბრის პერიოდში ჩაატარა. გამოკითხვაში მონაწილეობა გერმანიის (1000), იტალიის (1002), საფრანგეთის (1004), ესპანეთის (1001), პოლონეთისა (1012) და დიდი ბრიტანეთის (1012) მოქალაქეებმა მიიღეს. შერჩეული რესპონდენტები მოსახლეობას სქესის, ასაკისა და გეოგრაფიის მიხედვით წარმოაჩენენ. შერჩევის მაქსიმალური ცდომილება არ აღემატება 3,1%-ს, 95%-იანი სანდოობის ალბათობით.
ცნობა პროექტ „Sputnik.მნენიას“ შესახებ:
ეს არის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი საერთაშორისო პროექტი, რომელიც 2015 წლის იანვარში დაიწყო. მისი პარტნიორები არიან ცნობილი კვლევითი კომპანიები Populus-ი, Ifop-ი და forsa. ევროპის ქვეყნებსა და აშშ–ში პროექტის ფარგლებში რეგულარულად ტარდება გამოკითხვები აქტუალურ პოლიტიკურ თუ სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით.
Sputnik (sputniknews.com) — ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. „სპუტნიკი“ მოიცავს ვებ-გვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში.