თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე იმედოვნებს, რომ ვარძიაში ხანძრის დროს დაზიანებული ფრესკა აღდგება და აცხადებს, რომ ქვეყანაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მიმართ წესები გამკაცრდება.
ვარძიის კომპლექსის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ხანძრის შედეგად უნიკალური ფრესკა დაზიანდა. ამის შემდეგ ტაძარში შესვლა დროებით შეზღუდულია.
„ის, რაც ვარძიაში მოხდა, ბუნებრივია, ძალიან სამწუხაროა. რა შედეგით დასრულდება კონსერვაციის პროცესი, პირველადი გაწმენდითი სამუშაოები, ამას გვიჩვენებს სულ ახლო მომავალი. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, როგორც პირველი შეფასებით ითქვა, რომ, პრაქტიკულად, ფრესკების აღდგენა შესაძლებელია“, — აღნიშნა მიხეილ გიორგაძემ.
მისი თქმით, კონსერვაციისა და გაწმენდითი სამუშაოების პროცესში ჩართული არიან როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი მაღალკვალიფიციური სპეციალისტები.
გიორგაძის განცხადებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და საპატრიარქოს შექმნილი აქვთ ერთობლივი საბჭო, რომელიც მსჯელობს სხვადასხვა გადაცდომებთან დაკავშირებით, სხვადასხვა არქიტექტურულ თუ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე განხორციელებული თვითნებური ჩარევების გამოსასწორებლად.
„მე ვფიქრობ, რომ კიდევ მეტი აქცენტი გაკეთდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსა და სამონასტრო ცხოვრებას შორის თანაფარდობის გამკაცრებაზე, იგივე სანთლების კუთხით. ვფიქრობ, ახალ შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ, მაქსიმალურად ისეთი სანთლები გამოვიყენოთ, ან ისეთ ადგილზე, სადაც მინიმუმამდე იქნება პოტენციური, თეორიული შანსიც კი კედლის მხატვრობის, ფრესკების დაზიანების“, — აღნიშნა მინისტრმა.
XII-XIII საუკუნეების ვარძიის სამონასტრო კომპლექსი საქართველოს ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა. მიუხედავად იმისა, რომ სამონასტრო კომპლექსის დიდი ნაწილი მიწისძვრებისა და თავდასხმების შედეგად დაზიანებულია, იგი დღემდე აოცებს დამთვალიერებელს. ვარძიის კომპლექსში 15 ეკლესიაა. მათგან მთავარია ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, სადაც შემორჩენილია კედლის შესანიშნავი მხატვრობა, რომელიც ვინმე გიორგის შესრულებულია. კედელზე გამოსახულნი არიან გიორგი III, თამარ მეფე და სხვა დიდებულები.