ეკვატორგადალახულები

© UEFA Campions Leagueფეხბურთის გრანდები
ფეხბურთის გრანდები - Sputnik საქართველო
გამოწერა
2016 წლის დეკემბერში ევროტურნირები პაუზას აიღებს. ამ დროისთვის ყველაფერი გარკვეული იქნება და ქომაგები პლეი-ოფების მოლოდინში იქნებიან. გათამაშების ამ სტადიას კი კიდევ უფრო მეტი დრამატიზმი ახლავს. ბევრის აზრით, „ნამდვილი ფეხბურთები“ სწორედ გაზაფხულიდან დაიწყება.

სანდრო ცნობილაძე

ჩემპიონთა და ევროპის ლიგის გათამაშებების ფორმატები ისეა აწყობილი, რომ მესამე-მეოთხე ტურის მატჩები ამ ტურნირებში მონაწილე გუნდებისთვის, დიდი ალბათობით, გადამწყვეტი ხდება. სწორედ ამ პერიოდში ჩნდებიან პირველი კლუბები, რომლებიც აგრძელებენ პლეი-ოფში თამაშს და ისინი, ვინც ტურნირებს ემშვიდობებიან. სენსაციები ნაკლებად ხდება ხოლმე. წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც მაგალითად, ჩემპიონთა ლიგის ფინალში „მონაკოს“ და „პორტუს“ შეეძლოთ გასვლა. ზოგადი სურათი ვერც მიმდინარე გათამაშებებმა შეცვალა, თუმცა, გარკვეული მოულოდნელობები მაინც დაფიქსირდა. ჯერ მათზე ვთქვათ, ვინც ჯგუფიდან გასვლა გაინაღდა. ასეთი კი 24 გუნდიდან ხუთია — „არსენალი“, „პსჟ“, „ატლეტიკო“, „ბაიერნი“ და დორტმუნდის „ბორუსია“, ანუ ყველა ის კლუბი, რომელიც რეიტინგის მიხედვით არსებული წინასწარი განთესვისას ჯგუფების ფავორიტებად იყვნენ მიჩნეული. დიდი ალბათობით,  უკვე შემდეგ წრეში, ამ ხუთეულს კიდევ რამდენიმე გრანდი დაემატება. პირველ რიგში, „ბარსელონა“ „რეალი“ და „იუვენტუსი“, შესაძლოა, ვინმეს ამათ გვერდით „ლესტერის“ ხსენება ეხამუშებოდეს. „მელიები“ მსოფლიო გრანდობიდან შორს არიან, მაგრამ გავიხსენოთ, რომ საუბარი ინგლისის უკანასკნელი ჩემპიონზე და განთესვის შედეგად ფავორიტთა შორის მყოფ კლუბზეა. 

© UEFA Campions Leagueლიონელ მესი
ლიონელ მესი - Sputnik საქართველო
ლიონელ მესი

გულშემატკივრებს და სპეციალისტებს ძალზე უყვართ სენსაციები. ამ კუთხით მათი „იმედები“, პირველ რიგში, E ჯგუფს უკავშირდება. აქ თავი „მონაკომ“, „ბაიერმა“, „ტოტენჰემმა“ და „ცსკა“-მ მოიყარეს. დავუბრუნდეთ ისევ განთესვასა და რეიტინგებს. აღმოვაჩენთ, რომ მოსკოვური კლუბი, რომელიც პირველ კალათში იყო, ამ წუთისთვის ჯგუფში ბოლო ადგილზეა, ხოლო ლიდერი კი ტურნირის დაწყებამდე აუტსაიდერად შერაცხული „მონაკოა“, ამას ემატება „ტოტენჰემით“ იმედგაცრუება. ლონდონური კლუბის მენეჯმენტის უაზრო გადაწყვეტილებამ, ჩაეტარებინათ მატჩები არა „უაით ჰართ ლეინზე“, არამედ „უემბლიზე“, ძალზე უარყოფითად იმოქმედა გუნდის შედეგებზე. მაურისიო პოჩეტინიოს გუნდი, ფაქტობრივად, სახლში არ თამაშობს და ეს მას უდიდეს პრობლემებს უქმნის. სატურნირო თვალსაზრისით საინტერესო იქნება B ჯგუფში დარჩენილი მატჩებიც. ლიდერებს, „ნაპოლის“ და „ბენფიკას“, რომლებიც თავიდანვე ამ სტატუსის მატარებლები იყვნენ, პლეი-ოფის საგზურისთვის აუცილებლად შეებრძოლება თურქული „ბეშიქთაში“. 

© UEFA Campions Leagueუეინ რუნი
უეინ რუნი - Sputnik საქართველო
უეინ რუნი
,

კიდევ უფრო მეტი მოულოდნელობა შეიძლება მოხდეს ევროპა-ლიგის გათამაშებაში. ძირითადი ტენდენცია, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცის კლუბების წარმატებულ ასპარეზობას გულისხმობს, აქაც შენარჩუნებულია. ოთხი ტურის შემდეგ პლეი-ოფის საგზურები სანქტ-პეტერბურგის „ზენიტს“ და დონეცკის „შახტარს“ აქვთ მოპოვებული. ამ ორ კლუბს მირჩა ლუჩესკუს პიროვნებაც აერთიანებს. ერთ-ერთი ყველაზე ხანდაზმული სპეციალისტი წლების მანძილზე დონეცკურ კლუბში მუშაობდა, ახლა კი „ზენიტის“ დამრიგებელია. იმ ჯგუფისადმი, სადაც რუსული კლუბი თამაშობს, ქართველ ქომაგებში შოთა არველაძის „მაკაბის“ გამო ინტერესი საკმაოდ დიდია. რანგით მეორე ევროტურნირში რამდენიმე უმდიდრესი ისტორიის კლუბი ასპარეზობს. „სევილიას“ ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებული ასპარეზობა წლევანდელ ევროპა-ლიგას სპეციფიურობის მომენტსაც სძენს. იმ ჰეგემონიის შემდეგ, რომელიც სევილიურმა კლუბმა ამ ტურნირში დაამყარა, მისი მოგების შანსი, როგორც იქნა სხვებსაც მიეცათ. ეს „სხვები“ კი სწორედ ის გრანდები არიან, რომლებიც მთელი რიგი გარემოებების გამო ნომერ პირველ საკლუბო ტურნირში ვერ გამოდიან. პირველ რიგში ასეთი „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ინტერი“ არიან, მაგრამ ოთხი ტურის შემდეგ, მათ ჯგუფური ეტაპის გადალახვის საკითხი არა თუ გადაწყვეტილი აქვთ, არამედ საერთოდ, შესაძლოა, პლეი-ოფში ვერ მოხვდნენ. ასპარეზობის გაგრძელების მიზერული შანსი აქვს „ნერო აძურის“, შედარებით უკეთესი „იუნაიტედს“. ასე რომ გაზაფხულზე ევროპა-ლიგა, შესაძლოა, ამ ორი გრანდის გარეშე ვიხილოთ. 

2016 წლის დეკემბერში ევროტურნირები პაუზას აიღებს. ამ დროისთვის ყველაფერი გარკვეული იქნება და ქომაგები პლეი-ოფების მოლოდინში იქნებიან. გათამაშების ამ სტადიას კი კიდევ უფრო მეტი დრამატიზმი ახლავს. ბევრის აზრით, „ნამდვილი ფეხბურთები“ სწორედ გაზაფხულიდან დაიწყება. 


ყველა ახალი ამბავი
0