არაამქვეყნიური სილამაზის სურნელოვანი მტევნები ცისარტყელის ფერებად ეშვებიან ციდან. როგორც ამბობენ, გლიცინიების 80 მეტრიან გვირაბში გასვლისას მოვლენათა არარეალობის განცდა გეუფლება — თითქოს ფერწერულ ტილოში შეაბიჯე და გინდა დაუსრულებლად დატკბე ამ სილამაზით, გრძნობდე ამ სურნელს, რომელსაც შენს თავზე მოფარფატე თეთრი, ცისფერი, ლურჯი, იასამნისფერი, წითელი, ყვითელი, ვარდისფერი და ლილისფერი ყვავილები აფრქვევენ.
ამ ულამაზეს სანახაობას არა მარტო სულიერი აღმაფრენის, არამედ სამკურნალო ეფექტის მოგვრაც ძალუძს — თურმე გლიცინიას არომატი ტუბერკულიოზის გამომწვევ ჩხირებზე დამღუპველად მოქმედებს. ამასთან ერთად, სწორედ ეს არომატი უდევს საფუძვლად ისეთი ცნობილი პარფიუმერული კომპანიების ნაწარმს როგორებიც არიან „ნინა რიჩი“, „დოლჩე და გაბანა“, „ელიზაბეტ არდენი“…
ყოველ წელს — აპრილის ბოლოდან მაისის შუა რიცხვებამდე ათასობით ტურისტი ჩადის ამ პატარა ქალაქში გლიცინიების ყვავილობის სანახავად. იგი პოპულარობით არ ჩამოუვარდება საკურას ყვავილობას. ცნობილია, რომ სწორედ გლიცინია — „ფუძი“ წარმოადგენს იაპონიის სიმბოლოს. იაპონიის ყველაზე ცნობილი მთა „ფუძიამა“ სიტყვა-სიტყვით „გლიცინიას მთას“ ნიშნავს, „ფუძი“ კი იაპონიაში სიმბოლოა ქალური სილამაზის, პოეზიის, ახალგაზრდობისა და სიჯანსაღის.
ბაღის ყველაზე ხნოვანი გლიცინია 140 წლისაა. ამ 15-20 მეტრიანი უმძლავრესი ლიანისათვის, მთელ ბაღში სპეციალური საყრდენებია შექმნილი და მათ რამდენიმე ასეული საუკეთესო მებაღე უვლის. სწორედ მათი დამსახურებაა ის არაამქვეყნიური განცდა, რასაც ციდან ჩამოსული ფერთა წვიმა იწვევს.
არანაკლებ ლამაზია ბაღი მაშინაც, როცა გლიცინია დაიყვავილებს. ადრე გაზაფხულზე ნარცისების, სუმბულებისა და ტიტების ხალიჩა ეგებება მნახველებს, მაისის ბოლოს კი ბაღი როდოდენდრონებისა და აზალიების ათასფერ ფეერვერკად აენთება, რომელსაც სულ რაღაც ერთ კვირაში 1500 ჯიშის ვარდის ბუჩქიც აყვება ფერადოვნებაში. „კავაჩი ფუძის“ ზაფხული — კლემატისების, ჰორტენზიებისა და ზამბახების მეფობის ხანაა… მერე კი ბაღი ძილის საბურველში ეხვევა მომავალ გაზაფხულამდე…