თბილისში გიორგი ალექსი-მესხიშვილის საიუბილეო გამოფენა გაიმართება

© FB / Национальный музей Грузииგიორგი ალექსი-მესხიშვილის ნამუშევრები
გიორგი ალექსი-მესხიშვილის ნამუშევრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლეგენდარულმა ქართველმა მხატვარმა, რომელიც დიდი ხანია აშშ-ში ცხოვრობს, სამშობლოში დასკვნითი გამოფენის გამართვა გადაწყვიტა.

თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. ცნობილი ქართველი მხატვრისა და თეატრალური დეკორატორის გიორგი ალექსი-მესხიშვილის მიერ 50 წლის განმავლობაში შექმნილი ნამუშევრები დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში საიუბილეო გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი.

გამოფენა 3-23 ნოემბერს ჩატარდება.

გიორგი ალექსი-მესხიშვილს გაფორმებული აქვს სპექტაკლები „ქალი-გველი“, „კავკასიური ცარცის წრე“, „ზაფხულის ღამის სიზმარი“ და სხვა მრავალი, იუწყებიან ორგანიზატორები.

© საქართველოს ეროვნული მუზეუმიგიორგი ალექსი-მესხიშვილის ნამუშევრები
გიორგი ალექსი-მესხიშვილის ნამუშევრები - Sputnik საქართველო
გიორგი ალექსი-მესხიშვილის ნამუშევრები

მესხიშვილი 20 წელია აშშ-ში პედაგოგად მუშაობს, თუმცა ახლა სამშობლოში დაბრუნდა და თავისი 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით დასკვნითი გამოფენის გამართვა გადაწყვიტა. მხატვარმა 110 ნამუშევარი შეარჩია, რადგან კოსტიუმებისა და სურათების დიდი ნაწილი საზღვარგარეთის გალერეებსა და კერძო კოლექციებში ინახება.

გიორგი ალექსი-მესხიშვილმა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი დაამთავრა 1967 წელს. 1975-92 წლებში იყო რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრისა და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი მხატვარი. 1996 წლიდან მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-ჰემფშირის შტატში. ის დორტმუტის კოლეჯის თეატრალური სცენოგრაფიის კურსს უძღვება, რისთვისაც ხელოვნების ფაკულტეტის საუკეთესო პედაგოგის ჯილდო მიიღო.

© საქართველოს ეროვნული მუზეუმიგიორგი ალექსი-მესხიშვილის ესკიზებით შექმნილი კოსტიუმები
გიორგი ალექსი-მესხიშვილის ესკიზებით შექმნილი კოსტიუმები - Sputnik საქართველო
გიორგი ალექსი-მესხიშვილის ესკიზებით შექმნილი კოსტიუმები

გიორგი ალექსი-მესხიშვილი სხვადასხვა სახელმწიფო თუ სახელობითი ჯილდოს მფლობელია. მთელი შემოქმედებითი გზის მანძილზე მიღებული აქვს საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემია („კავკასიური ცარცის წრე“, 1975 წ.); სახალხო მხატვრის წოდება (1981 წ.); იგი არის თბილისის საპატიო მოქალაქე, საქართველოს სახალხო მხატვარი და რუსეთის ხელოვნების აკადემიის საპატიო წევრი.

გიორგი ალექსი-მესხიშვილის ნამუშევრები მსოფლიოს თეატრების წამყვან სცენებზე იყო წარმოდგენილი. 1999 წელს ის მონაწილეობდა ვენეციის ბიენალეში, ხოლო 2011 წელს, სხვადასხვა თემატიკის ინსტალაციებით, პრაღის კვადრიენალეზე საქართველოს წარმოადგენდა.

მესხიშვილი მუშაობდა ისეთ დიდ რეჟისორებთან, როგორიც არიან მიხეილ თუმანიშვილი, რობერტ სტურუა, თემურ ჩხეიძე.

ყველა ახალი ამბავი
0