ერთადერთი ახალგაზრდული ქართული ბიგ-ბენდი და ნორჩი მევიოლინეს საერთაშორისო გამარჯვება

© FB/Sergo Tkabladzeსერგო ტყაბლაძე
სერგო ტყაბლაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სერგო ტყაბლაძე- ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, დირიჟორი და სასულე ორკესტრების უცვლელი ხელმძღვანელი. 2010 წელს მან პროფესიონალი მუსიკოსებისგან სასულე ორკესტრი, რეტრო ბენდი „ჯორჯია“ ჩამოაყალიბა.

მისი ხელმძღვანელობით ორკესტრებს საქალაქო და რესპუბლიკური კონკურსებისა და ფესტივალების ლაურეატის წოდება და გრან-პრი აქვს მიღებული. ამჟამად დირიჟორობს მე-19 ხელოვნების სკოლაში არსებულ სასულე ორკესტრს, ახალგაზრდულ ბიგ-ბენდს „19“, რომელიც წელს, 13 დეკემბერს თავისი არსებობის 40 წლისთავს საზეიმოდ აღნიშნავს. ამავე დროს ბატონი სერგო პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწევა: სხვადასხვა სკოლებში ვალტორნის კლასი მიჰყავს. 

© FB/Sergo Tkabladzeახალგაზრდული ბენდი "19"
ახალგაზრდული ბენდი 19 - Sputnik საქართველო
ახალგაზრდული ბენდი "19"

-ბატონო სერგო, თქვენ მუსიკას ბავშვობიდანვე ეზიარეთ სკოლაში, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ნიჭიერ ბავშვთა სამჭედლოს წარმოადგენდა, მუსიკალურ ათწლედს ვგულისხმობ…

— დიახ, მე თავიდან ვსწავლობდი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სკოლაში ვიოლინოს განხრით, მაგრამ შემდეგ ვალტორნის ჯგუფში გადავედი, იმიტომ, რომ ვალტორნის ხმა უფრო მომეწონა. ბავშვობიდან ვიყავი გატაცებული ჯაზითაც, არ დაგავიწყდეთ, იმ დროს ჯაზი ჩვენს ქვეყანაში არც ისე პოპულარული იყო. მერე კონსერვატორიაში ჩავაბარე და ვოკალურ სექსტეტში „ჯაზ ნონეტში“ მივედი, საიდანაც ცნობილ ანსამბლ „რეროს“ ორკესტრში მოვხვდი. „რერო“ მაშინ საბჭოთა კავშირის მასშტაბით იყო პოპულარული და მას კონსტანტინე პევზნერი ხელმძღვანელობდა. ჩვენ ბევრი გასტროლი გვქონდა მაშინდელი კავშირის რესპუბლიკებში, სამხრეთ სახალინზე კი გამოვედით. მოგეხსენებათ ეს მაშინ გარკვეულად დახურული ზონა იყო და იქ გამგზავრება მხოლოდ მოსკოვის ნებართვით შეიძლებოდა. ჩვენს რეპერტუარში როგორც ქართული, ასევე უცხოური სიმღერები იყო. ამ ანსამბლთან და იმ წლებთან ბევრი ლამაზი მოგონება მაკავშირებს. 

- დღეს თქვენ ხელმძღვანელობთ სასულე ორკესტრს, ბიგ-ბენდს, რომელიც საქართველოში ერთადერთია…

— დიახ, 2008 წლიდან მე–19 —ე ხელოვნების სკოლაში სასულე ორკესტრის დირიჟორად ვმუშაობ. მსგავსი სახის ანსამბლი, სადაც 19 წლამდე მუსიკოსები არიან საქართველოში მართლაც არ არის. რადგან ის მე- 19-ე სკოლაში ჩამოყალიბდა, მას „19“ ვუწოდეთ. უცხოეთში გასტროლებზე ვერ დავდივართ, მაგრამ საქართველოში ჩატარებულ ყველა ფესტივალზე წარმატებით გამოვდივართ. 

- წლის ბოლოს თქვენი ორკესტრის იუბილე უნდა იზეიმოთ…

— დიახ, მარად ახალგაზრდა ბიგ-ბენდი 40 წლის გახდა. ამ თარიღთან დაკავშირებით 13 დეკემბერს, კონსერვატორიის დიდ დარბაზში ჩვენი საიუბილეო კონცერტი ჩატარდება. თუკი წარსულს გავიხსენებთ, იმ ადამიანებს შორის, ვინც ჩემს ცხოვრებაზე კვალი დატოვეს, ჩემი პროფესორ-მასწავლებლები არიან, მაგრამ მთავარი მათ შორის მაინც მამაჩემი, ვალტორინისტი, კონსერვატორიის პროფესორი ლევან ტყაბლაძე იყო…

© FB/Sergo Tkabladze თამარ ტყაბლაძე- ნორჩი ვირტუოზი მევიოლინე, სერგოს ქალიშვილი
 თამარ ტყაბლაძე- ნორჩი ვირტუოზი მევიოლინე, სერგოს ქალიშვილი - Sputnik საქართველო
თამარ ტყაბლაძე- ნორჩი ვირტუოზი მევიოლინე, სერგოს ქალიშვილი

-ბატონო სერგო, მუსიკალური ნიჭი გენეტიკურად გადაეცა თქვენს გოგონასაც, რომელიც უკვე შემდგარი ვირტუოზი მევიოლინეა…

— დიახ, ამ მხრივ ძალიან გამიმართლდა, ბედნიერი ვარ, რადგან ჩემმა შვილმა მაჯობა!.. ჩემი გოგონა, თამარ ტყაბლაძე 11 წლისაა და უკვე ვირტუოზი მევიოლინეა. მას რაც აქ კონკურსები ტარდება, თავის ასაკობრივ კატეგორიაში რესპუბლიკის მასშტაბით ყველგან პირველი ადგილი  და გრან-პრი აქვს აღებული. წელს მისმა სკოლის დირექტორმა კულტურის სამინისტროში შეიტანა განაცხადი, რომ თამარის შვედეთში გამგზავრება დაეფინანსებინათ. სამინისტრომ თანხმობა განაცხადა და შვედეთში საერთაშორისო კონკურსზე მისი გამგზავრება დააფინანსა. სტოკჰოლმში კი, სადაც მსოფლიოს 17 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას, თამარმა პირველი ადგილი აიღო. დღეს მას გერმანიასა და ამერიკიდან აქვს მოწვევები მიღებული. 

-ვალტორნა თქვენი რჩეული მუსიკალური ინსტრუმენტია. თუკი ფანტაზიას მოვუხმობთ, როგორ ადამიანს შეადარებდით მას?

— ვალტორნას?— დინჯ, გაწონასწორებულ პრაგმატულ პიროვნებას, რომელიც ამავე დროს რომანტიული ადამიანიცაა. სხვა კუთხით რომ შევხედოთ: ყველა ინსტრუმენტი ზოგადად იმ ადამიანს ჰგავს, ვინც მასზე უკრავს. მე დღეს ბედნიერი ადამიანი ვარ, რადგან საყვარელი საქმე მაქვს და სხვა პროფესიაში საკუთარი თავი ვერც წამომიდგენია…  

 

ყველა ახალი ამბავი
0