თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. „Sputnik საქართველოს“ მკითხველთა უმრავლესობა ჰელოუინის დღეს მისთვის უცხო დღესასწაულად მიიჩნევს, ასეთია გამოკითხვის შედეგები, რომელიც ახალი ამბების სააგენტომ ჩაატარა.
კითხვაზე, „როგორ უყურებთ ჰელოუინს?“ რესპოდენტების 46,7%-მა უპასუხა, რომ მათთვის უცხო დღესასწაულია. გართობის წინააღმდეგი არაა გამოკითხვაში მონაწილეთა 26,7%. ამდენივეა პროცენტული მაჩვენებელი იმ ადამიანებისა, რომლებისთვისაც ეს დღესასწაული „სულ ერთია“.
წლის ყველაზე მისტიკური დღე — ჰელოუინი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში 31 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ღამეს აღინიშნება.
ჰელოუინი 2 ათას წელზე მეტს ითვლის. ეს საკამათო დღესასწაული სათავეს ძველი ირლანდიისა და შოტლანდიის კელტების კულტურიდან იღებს. ჰელოუინის ღამეს, კელტთა უძველესი რწმენით, ცოცხალთა და გარდაცვლილთა სამყაროების კარები იღებოდა და იმ სამყაროს ბინადარნი მიწაზე ეშვებოდნენ.