წლების წინ პატარა გიორგი ბებოს კალთაზე გამოკერებული დაჰყვებოდა თუშეთის მთას შეფენილ მინდვრებში და სამკურნალო, ასევე შესაღებად საჭირო მცენარეებს ერთად აგროვებდნენ. როცა წამოიზარდა, მისი ინტერესი მცენარეების მიმართ გაიზარდა, უამრავი ლიტერატურა მოიძია, ბევრს კითხულობდა და იმდენად დიდი ცოდნა დაუგროვდა, რომ დღეს 19 წლის სტუდენტი თვითონ, საკუთარი ცოდნის მეშვეობით სხვადასხვა დაავადებების სამკურნალო ჩაის აწარმოებს. არდადეგების დროს, ზაფხულის პერიოდში მათ სახლს მეორე სიცოცხლე უბრუნდება, ჩარაზული კარები იღება, ფანჯრებში შუქი, კერაში ცეცხლი ინთება, გიორგი მთაში ბრუნდება…
გიორგი სეხნიაიძე: მეორე კურსის სტუდენტი ვარ. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არქიტექტურის ფაკულტეტზე ვსწავლობ. ზამთრის პერიოდში თბილისში ვარ დედასთან და ბებიასთან ერთად, ხოლო ზაფხულს ჩემ უსაყვარლეს თუშეთის სოფელ შენაქოში ვატარებთ. თუშეთში ხელნაკეთი ნივთების პატარა მაღაზია მაქვს. მთაში საოჯახო სასტუმრო და კაფეტერიაც გვაქვს, სადაც საკმაოდ ბევრი ტურისტი გვსტუმრობს. ზაფხულობით იქ ვმუშაობ. სასტუმროში მუშაობასთან ერთად დაინტერესებული ვარ მცენარეების შეგროვებით. შემდეგ მათ ვაშრობ, გადავამუშავებ და ვამზადებ სამკურნალო ჩაის. ყველაფერი ეს თუშეთში ხდება. მთა ის ადგილია, სადაც მართლა თავისუფლად და ლაღად ვგრძნობ თავს, მით უმეტეს, როცა საღამოს კოცონთან, მეგობრების გარემოცვაში დროს სასიამოვნოდ ვატარებ, თუშური ჰანგები ჟღერს, ან მარტო ვზივარ და გავყურებ მის ულამაზეს ხედებს.
– სამკურნალო მცენარეებით როდის დაინტერესდი და როგორ შეისწავლე ისინი?
— მცენარეებით პატარაობიდან ვარ დაინტერესებული და ძირითადი ცნობები ბებიისგან მაქვს მიღებული. შემდგომში კი სხვადასხვა მკურნალებისგან და ლიტერატურიდან მივიღე ინფორმაცია, გავიღრმავე ცოდნა. ბებია, როგორც ყველა თუში ქალი, ქსოვს, თელავს ხალიჩებს. ნამუშევრებში ის ყოველთვის უპირატესობას ანიჭებდა ბუნებივ მასალებს და საღებავებს. მატყლის ძაფს როცა ართავდა, აუცილებლად ეკოლოგიურად სუფთა, მცენარეული საღებივებით ღებავდა. როცა პატარა ვიყავი, მინდვრებში დავყვებოდი მცენარეების შესაგროვებლად, ვსწავლობდი რომელი მცენარე რა ფერისთვის იყო საჭირო. როცა წამოვიზარდე, მათი სამკურნალო თვისებებით დავინტერესდი. ჩვენ გვაქვს უნიკალური სახეობები, რომლებიც არაფრად მიგვაჩნია და რომლებიც ქიმიური პრეპარატებით არის ჩანაცვლებული, რაც, ვფიქრობ, არ არის სწორი მიდგომა. რატომ უნდა გამოვიყენოთ ქიმიური საშუალებები, როცა ჩვენს დედაბუნებას ამხელა რესურსი გააჩნია?
— ამ ეტაპზე რამდენი სახეობის ჩაის აწარმოებ და რა სასარგებლო თვისებით გამოირჩევა თითოეული მათგანი?
— წელს სამი სახეობის ჩაი ვაწარმოე. ბექთქონდარი, რომელიც საჭმლის მონელების დარღვევის დროს არაჩვეულებრივი საშუალებაა. შველის შემობერვას, მკერდის არეში ტკივილს, უძილობას, არაჩვეულებრივია ფაღარათის დროს. თავშავა — რეკომენდირებულია უძილობის, ნევროზის დროს. აწესრიგებს სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევას. შველის სპაზმს, უმადობას. კრაზანა — განკუთვნილია ნაღველისთვის, ჰეპატიტების, ქოლესტერინის დროს. არაჩვეულებრივი საშუალებაა კბილებისა და ღრძილების სამკურნალოდ, აწესრიგებს სისხლის მიმოქცევას და კურნავს ქალურ დაავადებებს. მომავალი წლისთვის ვაპირებ რამდენიმე სახეობის დამატებას. მთაში არომატული მცენარეები ძირითადად კლდიან, ძნელად მისადგომ ადგილებში იზრდება, გაშლილ მდელოზე ისეთი სურნელი არ აქვს, როგორიც კლდიან ადგილებში.
– თუ ადამიანს არ აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, მაინც შუძლია ამ ჩაის მიღება?
— რა თქმა უნდა. მე, ჩემი ოჯახი, მეგობრები, ნათესავები და თუშების უმეტესობა ამ ჩაის ვიყენებთ, რაც ჯანსაღი ცხოვრების ერთ-ერთი საწინდარია.
– რატომ დაარქვი უშარო?
— რაც შეეხება სახელს, თუშეთში, სოფელ შენაქოში „უშაროანთ გორელი“ ვარ. შარის მაგიერ ამ ჩაის სიმშვიდე მოაქვს (იღიმის), სწორედ ამიტომ შევაჩერე არჩევანი სახელწოდებაზე „უშარო“.
– გეხმარება ვინმე თუ ყველაფერს მარტო ართმევ თავს?
— ამ საქმეში დედა მეხმარება. მომავალში თუ იქნება პროდუქციაზე მოთხოვნილება, მინდა დავასაქმო თუში ახალგაზრდები, რომლებმაც ასევე უნდა იცოდნენ ამა თუ იმ მცენარის თვისებები. მოგეხსენებათ, მთაში ჭირს ექიმის და წამლის შოვნა. მთაში მყოფებს შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნათ და არ ჰქონდეთ წამალი, ამიტომ უნდა იცოდნენ, რომელი მცენარე რა დროს გამოიყენონ.
– როგორც დასაწყისში ახსენე, გაქვთ საოჯახო სასტუმრო, ტურესტები თუ გსტუმრობენ და თქვენი დაყენებული ჩაით თუ უმასპინძლდებით?
— კი, ძალიან ბევრი ტურისტი გვსტუმრობს. ძალიან მოსწონთ ჩაის არომატი. დაგემოვნების შემდეგ უჩნდებათ სურვილი იყიდონ და წაიღონ თავის ქვეყანაში, რათა ოჯახის წევრებს და მეგობრებსაც გაასინჯონ. ისინი დიდი პატივს სცემენ ბუნებრივ, ეკოლოგიურად სუფთა სოფლის პროდუქტს თუ ჩაის.
– სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?
— წელს პროექტში „აწარმოე საქართველოში” მოვიპოვე გრანტი, რის შედეგადაც ვაფართოებ სასტუმროს და კაფეტერიას, ასევე ველოდები სხვა პროექტის გამოცხადებას, იმედია დამაფინანსებენ გარკვეული თანხით და შევძლებ ჩაის საწარმოებლად სპეციალური დანადგარის შეძენას, რომელიც მნიშვნელოვნად შემიმსუბუქებს რთულ საქმეს. ეს არ იქნება მხოლოდ ჩაის საწარმოებლად, იქნება სხვადასხვა საღებავები, მცენარეები. ჩემი გეგმები მარტო ჩაის და სასტუმროს არ უკავშირდება, როგორც მოგახსენეთ, ვსწავლობ არქიტექტურას და მინდა რესტავრაციის განხრით გავაგრძელო პროფესიული საქმიანობა. როგორც თუშეთში, ისე მთელ საქართველოში არის დიდებული არქიტექტურის ძეგლები, რომლებსაც უნდა გავუფრთხილდეთ, მოვუაროთ და შემოვუნახოთ მომავალ თაობებს!
– შენს თანატოლებს რას ურჩევ?
— პირველ რიგში ვურჩევ, რომ დაკავდნენ იმ საქმით, რაც ძალიან მოსწონთ და აინტერესებთ. გაეცნონ საქართველოს ისტორიას და სანამ სხვა ქვეყანაში მოგზაურობაზე იოცნებებენ, ჯერ ჩვენი ქვეყანა შემოიარონ, სადაც მართლა ბევრი თვალწარმტაცი და საინტერესო ადგილია სანახავი: ბუნება, ფლორა, ფაუნა, არქიტექტურა, ადათ-წესები და ა.შ. რადგან ამ ყველაფრის დაკარგვა, ჩემი აზრით, ეროვნების დაკარგვის ტოლფასია.