ერთ დღესაც, როცა შვილებს ქართულ ანბანს ასწავლიდა, ერთი იდეა გაუჩნდა… მალე იქ მყოფი ქართველი ბავშვებისთვის წიგნი „ანბანეთის ამბები“ გამოსცა. მარიამს ნორვეგიაში დავუკავშირდით.
– მარიამ, დავიწყოთ იმით, რომ ნორვეგიაში მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის წიგნი „ანბანეთის ამბები“ გამოეცით, რატომ გაჩნდა ასეთი იდეა?
— დიახ, ეს წიგნი „ანბანეთის ამბები“ სულ ცოტა ხნის წინ გამოვეცი. ეს იდეა მაშინ გამიჩნდა, როცა ჩემს შვილებს ქართულ ანბანს ვასწავლიდი. მოვიფიქრე სახალისო ისტორია, რომლის გმირებიც ქართული ანბანის ასო-ნიშნები არიან. „ა“ და „ი“ დახუჭობანას თამაშობენ, დამალულ „ი“-ს „ა“ ვეღარსად პოულობს და მის მოძებნაში ქართული ანბანის სხვა ასოები ეხმარებიან. ყოველ ასო-ნიშანთან გარკვეული ამბავია დაკავშირებული, რომელიც ბავშვებს ამ ასო-ბგერის დამახსოვრებაში ეხმარება. მაგალითად, „ხ“ ხვრინავს, „ღ“ ჩვილია და აღუ-აღუს გაიძახის და ა.შ. წიგნი სახალისო ილუსტრაციებითაა დასურათებული და ბავშვებს ქართულ ანბანს თამაშის პრინციპით შეასწავლის.
– ნორვეგიაში ოსლოს უნივერსიტეტში სასწავლებლად ჩახვედით…
— დიახ, ოსლოში სასწავლებლად ჩამოვედი. 2010 წელს ოსლოს უნივერსიტეტის მაგისტრატურაში სასწავლებლად სტიპენდია მოვიპოვე და მაგისტრატურა ნორვეგიული ლიტერატურის განხრით დავამთავრე. სამაგისტრო ნაშრომად ავირჩიე თემა „იბსენი საქართველოში“. ნაშრომში აქცენტი იმაზეა, თუ რამდენად ახდენდა სხვადასხვა ეპოქაში საქართველოში ცენზურა გავლენას იბსენის ნაწარმოებების დადგმა-თარგმანებზე, ლიტერატურულ კრიტიკაზე და ამავდროულად როგორ ებრძოდნენ ქართველი რეჟისორები, მთარგმნელები თუ საზოგადო მოღვაწენი არსებულ რეჟიმს იბსენის პიესების მეშვეობით.
– ახლა, შეიძლება ითქვას, ნორვეგიაში სახელმწიფო მნიშვნელობის მისია გაკისრიათ, თუ შეიძლება მკითხველებს განვუმარტოთ რაში გამოიხატება ის?
— ამჟამად ინტეგრაციის კონსულტანტად ვმუშაობ და ჩემი მთავარი მოვალეობაა ნორვეგიაში ჩამოსულ ლტოლვილებს ნორვეგიულ საზოგადოებაში ინტეგრაციაში დავეხმარო. ამისთვის ჩემ კოლეგებთან ერთად მათ ნორვეგიულ ენას და სოციალურ კოდებს ვასწავლი, სამსახურის ძიებაში და საკუთარი პოტენციალის სრულყოფილად რეალიზებაში ვეხმარები.
– თქვენ ჩამოაყალიბეთ ორგანიზაცია, რომელიც საქართველო-ნორვეგიის ურთიერთობის საქმეს ემსახურება, კონკრეტულად რა კეთდება ამ მხრივ?
— ჩემ მეგობრებთან, თამარ ლორიასა და სოფო ფეიქრიშვილთან ერთად, რომლებიც ასევე ოსლოში ცხოვრობენ, ჩამოვაყალიბე ორგანიზაცია ”ჯეონორი — კავშირი საქართველოსა და ნორვეგიას შორის”. ორგანიზაციის ფარგლებში ვატარებთ სხვადასხვა სახის ღონისძიებებსა და სემინარებს, რომლებიც საქართველო-ნორვეგიას შორის კულტურული ურთიერთობების გამყარებას ისახავს მიზნად. ასევე ვატარებთ შეხვედრებს ნორვეგიაში მცხოვრები სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის, რომლებიც ქართულს როგორც მშობლიურ ან მეორე ენას ეუფლებიან. მათთან შეხვედრამდე წინასწარ ვადგენთ პროგრამას, რომელიც ბავშვებს სიმღერის და თამაშის მეშვეობით ქართული ენის შესწავლა-განმტკიცებაში ეხმარება. უახლოეს მომავალში თამარი საბავშვო პროდუქტის გამოცემას გეგმავს. გვინდა, რომ აქ მიღებული გამოცდილება ჩვენს თანამემამულეებს, პირველ რიგში კი ბავშვებს გავუზიაროთ და, მართალია, შორიდან, მაგრამ მაინც გამოვადგეთ რამეში ერს.
– თქვენ ოჯახიც მანდ შექმენით, მეუღლე ნორვეგიელია, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, თქვენთან შეხვედრამდე ქართველებს და საქართველოს კარგად იცნობდა…
— ჩემი მეუღლე ნახევრად ნორვეგიელია და ნახევრად – ისლანდიელი, განათლებით პოლიტოლოგია. საბაკალავრო თემა აფხაზეთის კონფლიტის შესახებ, ხოლო სამაგისტრო ნაშრომი ლტოლვილთა უფლებების შესახებ დაიცვა. ერთი პერიოდი საქართველოში, ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ცენტრში სწავლობდა პროგრამაზე "ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში". მართალი ხართ, ის კარგად იცნობს ჩვენს კულტურას, უყვარს საქართველო, ქართული სამზარეულო და თვლის, რომ შემწვარი კარტოფილის ქართული ტყემლის გარეშე ჭამა დანაშაულია! და რომ ნიგვზიანი ბადრიჯანი მსოფლიოში ყველაზე გემრიელი კერძია!..
– მარიამ, თქვენი საქმიანობიდან და ოჯახიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ნორვეგიაში ცხოვრება არ უნდა გიძნელდებოდეთ, და მაინც…
— ნორვეგიაში ცხოვრება მართლა არ მიჭირს. ვაფასებ, რომ ამ ქვეყანაში შრომის კოდექსი მოქმედებს, იცავენ ბავშვთა უფლებებს და გენდერულ თანასწორობას. თუმცა, საქართველო, რასაკვირველია, სულ მენატრება. ჩემი აზრით, ისლანდიელები რაღაცით ჰგვანან ქართველებს: ჩვენნაირად უყვართ ნათესაობა და მათზე ზედ გადაყოლაც ჩვენსავით იციან…