სიკეთე და ბოროტება მანამდე იარსებებს, სანამ დედამიწაზე არსებობს ქალი

კლეოპატრა
კლეოპატრა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს ჩვენი აივანი განსაკუთრებით საზეიმოდ არის განწყობილი და გამოწყობილი, რადგან მას ევალება ეგვიპტის ფარაონის სასახლის როლის შესრულება. სხვათა შორის, ფარაონის სასახლე აგებული იყო ე.წ. გამოუწვავი აგურისგან (ზუსტად როგორც ჩვენი აივანი) და წარმოადგენდა კვადრატულ შენობას, რომლის გვერდი სულ რაღაც 40 მეტრამდე სიგრძის გახლდათ. მართალია, ჩვენი აივანი „ცოტა“ უფრო პატარაა, არც მოზაიკა ამკობს, არც მდიდრულად მოხატული კოლონები, მაგრამ, სამაგიეროდ, ფარაონის სასახლესავით, ბაღი ჩვენც გაგვაჩნია და, თანაც, ახლა ჩავრთავ ვერდის ოპერა „აიდადან“ ცნობილ „ტრიუმფალურ მარშს“, რომელიც ეგვიპტის ჯარების გამარჯვების სიმბოლო იყო. აწი ვერც ერთი ფარაონის სასახლე ჩვენ აივანთან ახლოსაც კი ვეღარ მოვა, მით უმეტეს, რომ ჩანაწერი თვით „მეტროპოლიტენ ოპერაშია“ გაკეთებული.

დღეს ჩვენ ვმასპინძლობთ მსოფლიო ისტორიაში, ალბათ, ყველაზე ცნობილ ქალს — ეგვიპტის უკანასკნელ დედოფალს, უაღრესად მომხიბვლელსა და ვერაგ, განათლებულსა და ბრძენ კლეოპატრას, რომელიც თვლიდა, რომ სიყვარული თვით სიკვდილზეც კი სასტიკია, რადგან რაც უფრო ძლიერია სიყვარული, მით უფრო ღრმა უფსკრულში შეუძლია ჩაგაგდოს… სასწაულია, მაგრამ მისი დაბადების დღის ზუსტი თარიღი ცნობილია — ის დაიბადა ზუსტად ამ დღეს, ჩვენ წელთაღრიცხვამდე 69 წლის 2 ნოემბერს ალექსანდრიაში.

ყველას გაგვიგონია და ამიტომაც გვჯერა, რომ კლეოპატრა იყო ძალიან ლამაზი. თუმცა, მისი ნამდვილი გარეგნობა სინამდვილეში არავინ იცის, რადგან ალჟირის ქალაქ შერშელში შემონახული კლეოპატრას დაზიანებული ბიუსტი მეცნიერთა ნაწილს მისი და მარკუს ანტონიუსის ქალიშვილის ბიუსტად მიაჩნია, ხოლო მონეტებზე გამოსახულ კლეოპატრას საკმაოდ კეხიანი ცხვირი ამშვენებს.

თუმცა, ერთი ცხადია – ქალი, რომელმაც მოიგო იულიუს კეისრისა და მარკუს ანტონიუსის გული, რაღა თქმა უნდა, ყველასგან გამორჩეული და განსაკუთრებული უნდა ყოფილიყო…

კლეოპატრა თავისუფლად საუბრობდა შვიდ ენაზე, მშვენივრად ერკვეოდა ფილოსოფიასა და ლიტერატურაში, მედიცინაში (მას გამელოტების საწინააღმდეგო მალამოს რეცეპტიც კი ჰქონდა გამოგონილი), უკრავდა რამდენიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე და, რაც მთავარია, მას სამეფო დინასტიის წინაპრებისგან პოლიტიკური და ანალიტიკური აზროვნება და სხარტი გონება გამოყვა.

კლეოპატრა 16  წლის იყო, როდესაც მისი მამა პტოლემე ХII გარდაიცვალა, რომელმაც ქვეყნის მმართველობა კლეოპატრას და მის 13 წლის ძმას პტოლემე-დიონისს გადასცა. არსებული წესის მიხედვით, და-ძმა დაქორწინდა. პტოლემეს ზრდიდა საჭურისი პოფინი, რომელსაც კლეოპატრას თავიდან მოცილება სურდა და მოახერხა მის წინააღმდეგ აეჯანყებინა ალექსანდრიის მოსახლეობა. კლეოპატრა იძულებული გახდა, სასახლიდან გაქცეულიყო.

ამის შესახებ შეიტყო იულიუს კეისარმა და დიდი რომაელი საქმის გასარჩევად ეგვიპტეში ჩავიდა. კეისარმა დაპირისპირებულ და-ძმას ჯარის დაშლა და მასთან სასაუბროდ მისვლა მოსთხოვა, პოფინმა კი კეისართან მხოლოდ პტოლემე მიიყვანა. იულიუს კეისარი მიხვდა, რომ კლეოპატრას არ გადასცეს მისი თხოვნა და საიდუმლოდ კაცი გაუგზავნა. აი, აქ კი იწყება ყველაზე ცნობილი და ლამაზი ისტორია — კლეოპატრა კეისარს ეახლა, უფრო სწორედ ის კეისარს ნოხში გახვეული „მიუტანეს“ და ფერხთით დაუდეს. ზოგი ისტორიკოსი იმასაც ამტკიცებს, რომ ეს ნოხი კი არა, ქვეშაგების ჩასალაგებელი უბრალო პარკი იყოო. აბა, ახლა ამას რაღა მნიშვნელობა აქვს, მთავარი ის არის, რომ კეისარმა დაინახა 19 წლის ულამაზესი კლეოპატრა და ისე მოიხიბლა, რომ ამის შედეგად… კლეოპატრას ძმა პტოლემემ თავი ნილოსში დაიხრჩო, საჭურისი პოფინი ეგვიპტიდან გაიქცა, ხოლო კლეოპატრა ერთპიროვნულად ჩაუდგა სათავეში ეგვიპტეს, თანაც გვერდით ჰყავდა იულიუს კეისარი, რომლისგანაც გააჩინა ვაჟი — ცეზარიონი.

გავიდა დრო, იულიუს კეისარი იძულებული გახდა რომში დაბრუნებულიყო, მაგრამ უკვე 46 წლის ზაფხულში რომში მას ჩაააკითხა კლეოპატრამ ცეზარიონთან ერთად. რომში კლეოპატრას ტრიუმფით შეხვდნენ. ალბათ, ყველას გაგახსენდათ ელიზაბეტ ტეილორი, რომელიც ფილმში „კლეოპატრა“ ოქროსფერ სამოსში გამოწყობილი შვილთან ერთად ჩნდება რომის მთავარ მოედანზე… 

ცოტა ხანში ვენერას ტაძარში დაიდგა „ალექსანდრიელი კურტიზანი ქალის“ (როგორც კლეოპატრას რომში უძახდნენ) ოქროს ქანდაკება. ქალაქში ჭორი გავრცელდა, რომ კეისარს სურდა მემკვიდრედ კლეოპატრას შვილი ცეზარიონი გამოეცხადებინა. ამბობენ, რომ სწორედ ეს იყო მისი მკვლელობის ერთ-ერთი მიზეზი. იულიუს კეისრის სიკვდილის შემდეგ კლეოპატრა ალექსანდრიაში დაბრუნდა და თავის მემკვიდრედ 4 წლის ცეზარიონი გამოაცხადა.

გავიდა ორი წელი და ახლა უკვე მარკუს ანტონიუსი, რომელიც ცნობილი იყო თავისი ვაჟკაცობით და ქალების სიყვარულით, გაემგზავრა საბერძნეთსა და მცირე აზიაში კონტრიბუციის ასაკრეფად. მას ყველგან განსაკუთრებული მოწიწებით ხვდებოდნენ, კლეოპატრამ კი თავიდან მას ყურადღება არ მიაქცია. არადა მარკუსი ჯერ კიდევ რომში მოიხიბლა მისი სილამაზით. ამიტომ ტრიუმვირმა კლეოპატრა თავად მოიწვია, მაგრამ ის მას არ ეახლა და საპასუხო მოწვევა გაუგზავნა.

ისტორიული წყაროების გადმოცემით, ანტონიუსს კლეოპატრამ სასახლეში ისეთი წვეულება გაუმართა, რომ ტრიუმვირი, რომელიც გურმანობით გამოირჩეოდა და ერთი გემრიელად გაკეთებული კერძისთვის თავის მზარეულს სასახლეც კი აჩუქა, სულ ცოტა ხანში მზად იყო კლეოპატრასთვის ეჩუქებინა სასახლეც, მსოფლიოც და საკუთარი თავიც…

ეს იყო საოცარი პერიოდი მათ ცხოვრებაში, ისინი ერთი წუთითაც არ სცილდებოდნენ ერთმანეთს. მარკუს ანტონიუსმა დაივიწყა ყველაფერი — საკუთარი ოჯახიც, რომის წინაშე არსებული ვალდებულებებიც… ღამით ისინი გადაიცვამდნენ ხოლმე უბრალო ტანსაცმელს და საიდუმლოდ გარბოდნენ ქალაქის ქუჩებში, სადაც უბრალო ხალხთან ერთად ცეკვავდნენ და ერთობოდნენ. კლეოპატრას სასახლეში კი ყოველდღე ღრეობები იმართებოდა. აქ მინდა კიდევ ერთი საინტერესო ისტორიაც გაგახსენოთ — კლეოპატრა დაენაძლევა ანტონიუსს, რომ მარტო შეძლებდა 10 მილიონი სესტერციის ღირებულების მირთმევას, თანაც ერთ სუფრაზე. მარკუსმა გამოწვევა მიიღო. კლეოპატრამ მოიძრო ყურიდან სწორედ ასეთი ღირებულების მარგალიტი, ჩააგდო წინასწარ გამზადებულ ძმრიან ჭიქაში, რომელშიც მარგალიტი დადნა და დალია…

ანტონიუსს კი ამ დროს რომში ელოდებოდა მეუღლე, საქმეები და ვალდებულებები. ის იძულებული გახდა მთელი სამი წლით მიეტოვებინა კლეოპატრა, რომელიც მისგან გაჩენილ სამ შვილს ზრდიდა, მაგრამ პირველივე შესაძლებლობისთანავე დაბრუნდა კლეოპატრასთან, რითიც რომის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. შემდეგ ისევ გაექცა… მაინც ვერ გაძლო და კვლავ დაბრუნდა…

ბოლოს ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ანტონიუსის მეუღლის ძმამ ოქტავიანმა კლეოპატრას ომი გამოუცხადა. რომმა ეს ომი მოიგო. მერე რაც მოხდა, ისიც ყველამ ვიცით — კლეოპატრამ ანტონიუსს გაუგზავნა შეტყობინება თავისი გარდაცვალების შესახებ. მარკუსმა ეს ვერ გადაიტანა და მკერდში ხანჯალი დაირტყა. ის სისხლისგან იცლებოდა, მაგრამ მოახერხა კლეოპატრასთან ბოლოჯერ მისვლა და მას ხელში ჩააკვდა… 

ამ დროს კი კლეოპატრას მიაწვდინეს ხმა, რომ ალექსანდრიაში ჩასული ოქტავიანე აპირებდა მასზე გამარჯვების შემდეგ მის საქვეყნოდ დამცირებას და დატვევებულის ჩამოტარებას რომის ქუჩებში.

სავარაუდოდ, სწორედ ეს გახდა მთავარი მიზეზი იმისა, რომ კლეოპატრამ თავის მოკვლა გადაწყვიტა, რადგან თავის დროზე მას ნათქვამი ჰქონდა: „მეფეებს, მონებისგან განსხვავებით, დამცირების გადატანა არ შეუძლიათ. ისინი შეურაცხყოფის ჭიშკრით სიკვდილის სამეფოში გადადიან“.

კიდევ ერთი ლამაზი ისტორია მოგვითხრობს იმაზე, რომ კლეოპატრამ თავის მსახურებს ლეღვით სავსე კალათა მოატანინა, რომელშიც ასპიტი იყო და მას აკბენინა…

ზოგიერთი ისტორიკოსი ამტკიცებს, რომ ასპიტის ნაკბენისგან ადამიანი 3 დღე კვდება წამებებში და თან ტანზე საშინელი იარები რჩება. კლეოპატრა კი, მათი აზრით, სიკვდილის შემდეგაც არ დაიმახინჯებდა თავს. არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რომ მან თავი უმტკივნეულოდ, ოპიუმის შემცველი საწამლავით მოიკლა. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ დროს ის სულ რაღაც 39 წლის იყო.

კლეოპატრა შეიძლება გიყვარდეს ან არ გიყვარდეს, მაგრამ ცხადია, რომ ის განსაკუთრებული, ნიჭიერი და ჭკვიანი ქალი იყო. ბოლოს და ბოლოს, სწორედ ამ ქალის სიყვარულს შეეწირა ორი დიდი რომაელი კაცი… 

ჩვენ მაინც ნუ შევეწირებით სიყვარულს, უბრალოდ, დავაფასოთ და გავუფრთხილდეთ მას.

გისურვებთ ბედნიერ, წარმატებულ და სიყვარულიან დღეს!

ლელა ანჯაფარიძე

ყველა ახალი ამბავი
0