ირლანდიაში მყოფმა ქართველებმა პირველად იზეიმეს თბილისობა

© ლ. საბაშვილიდუბლინში "თბილისობა" აღნიშნეს
დუბლინში თბილისობა აღნიშნეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოქტომბრის თვეში პირველად ისტორიის მანძილზე დუბლინში სახალხო დღესასწაული - თბილისობა ჩატარდა. ღონისძიებაში იქ არსებული ქართული დიასპორა აქტიურად იყო ჩართული. მისი ორგანიზატორი ირლანდიაში მცხოვრები ხელოვანი ქართველი ლაშა საბაშვილი გახლდათ.

-ლაშა, როგორ ჩაიარა თბილისობამ დუბლინში?
— ირლანდიაში, კერძოდ დუბლინში, პირველად აღინიშნა თბილისობის დღესასწაული, რომელმაც წარმატებით და მართლაც საზეიმო ვითარებაში ჩაიარა. ღონისძიების თანაორგანიზატორი ქალბატონი ირმა ნიკურაძე იყო, რისთვისაც მას მადლობას მოვახსენებ. თბილისობას ირლანდიაში მცხოვრები ბევრი ქართველი და საქართველოს უცხოელი გულშემატკივარი დაესწრო. თბილისობაზე დიასპორა აქტიურად იყო ჩართული. ამ დღეს სხვადასხვა კუთხის ტრადიციებისთვის დამახასიათებელი ღონისძიებები გაიმართა. მასზე წარმოდგენილი იყო ქართველი ფოტო-ხელოვანების მიერ გადაღებული საქართველოს ხედებისა და პეიზაჟების ამსახველი ფოტოგამოფენა. ამ ღონისძიებას საინტერესოს და მიმზიდველს ხდიდა დუბლინში არსებული ქართველ ბავშვთა სიმღერის გუნდი “Mixed melodies”, რაც ქართულად შერეულ მელოდიებს ნიშნავს. ჩვენი შრომის დიდი შეფასება იყო და ძალიან მიხარია ის ფაქტი, რომ აქ 10-20 წელი მცხოვრებმა ემიგრანტებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ ამდენი ქართველი ერთად არასოდეს უნახავთ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ირლანდიაში არსებულ საქართველოს საელჩოს, რომელიც გვედრით დაგვიდგა.

© ლ. საბაშვილიდუბლინში "თბილისობა" აღნიშნეს
დუბლინში თბილისობა აღნიშნეს - Sputnik საქართველო
დუბლინში "თბილისობა" აღნიშნეს


- კულტურულ ღონისძიებას, როგორც ზოგადად ამ სახის დღესასწაულს ჩვევია თქვენთანაც თუ ჰქონდა ასე ვთქვათ, „კულინარიული ფონი“?
— დიახ, ამის გარეშე როგორ იქნებოდა? სამზარეულოც ხომ ქართული კულტურისა და ტრადიციების ნაწილია? ასე რომ, აქ მაყურებლის თვალწინ ცოცხლად ხდებოდა კულინარიული ნიმუშების შექმნა: შეიწვა მწვადი, გამოცხვა ხაჭაპური, ამოვავლეთ ჩურჩხელები, მოიხარშა ხინკალი… მოკლედ ამ დღეს ყველანი, წარმოსახვით მაინც ჩვენს მონატრებულ სამშობლოს და თბილისს „ვეწვიეთ“.


- ლაშა, ვიცი, რომ პროფესიონალი მოცეკვავე ხართ და დუბლინში ქართული ცეკვის ანსამბლს ხელმძღვანელობთ…
— დიახ. ეს საბავშვო ანსამბლი გახლავთ. მისი წევრები 10-12 წლის ბავშვები არიან და ისინი უკვე დილის 6 საათზე იყვნენ მზად, რომ ღონისძიების დეკორაციების მომზადებაში მომხმარებოდნენ. მათი ცეკვით მოიხიბლნენ თბილისობაზე მოსული უცხოელები, რომლებმაც პირველად იხილეს ჩვენი ეროვნული ცეკვები. საერთოდ ჩემი მიზანია, უცხოეთში დაბადებულ პატარა ქართველებს ჩვენი კულტურა და ტრადიციები შევაყვარო და ეს საქმე, მადლობა უფალს, კარგად გამომდის.

ყველა ახალი ამბავი
0