სულ რაღაც 13 წლის წინ ჰალილი ნარკოტიკებისა და ალკოჰოლისგან გაუბედურებული, ფიზიკურად დაუძლურებული კაცი იყო, 48 კილოს იწონიდა და უფრო აჩრდილს ჰგავდა, ვიდრე ადამიანს, კი არ ცხოვრობდა, სიღატაკესა და ამაოებაში მიათრევდა წუთისოფელს. წიგნში „მე დამავიწყდა მოვმკვდარიყავი“ ჰალილი წერს, რომ ეს იყო ფსკერზე მეტად ფსკერი, რომლის თხრა უკვე შეუძლებელი იყო, რადგან ყველა ნიჩაბი საბოლოოდ დამტვრეოდა.
არადა, მანამდე თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა. ტოლედოდან ლოს-ანჯელესში სქესობრივი ძალადობით აღსავსე ბავშვობის მოგონებებს გაექცა, ჰოლივუდში დაფუძნდა და სპორტული მანქანების შეკეთებას მიჰყო ხელი. წარმატებას მალე მიაღწია. მის კლიენტთა შორის იყვნენ ელიზაბეტ ტეილორი, Guns N‘ Roses-ის გიტარისტი სლეში და ოსკაროსანი ჯეფ ბრიჯესი. მაგრამ ერთ დღეს მარიხუანას მიეძალა, მერე „ექსტაზი“ და „კეტამინიც“ „დააგემოვნა“ და საბოლოოდ ჰეროინზე „შეჯდა“.
2001 წელს ნარკოტიკის ჭარბი დოზით ლამის მოკვდა, ექიმებმა იყოჩაღეს, თორემ დღეს ცოცხალი არ იქნებოდა. ძალიან შეეშინდა და გადაწყვიტა, ნარკოტიკებს შეშვებოდა და ჯანმრთელობისთვის მიეხედა.
მეგობარმა განსაკუთრებული ნატურალური წვენების სმა ურჩია, რასაც საოცარი და სწრაფი შედეგი მოჰყვა, და ჰალილმა გადაწყვიტა, თავად დაემზადებინა ასეთივე წვენები სიფხიზლის ცენტრის Riviera Recovery Center პაციენტებისთვის.
5 წლის შემდეგ ამ ცენტრზე მთელი ჰოლივუდი ალაპარაკდა. ამან ჰალილს SunLife Organics-ის წვენების ბარების ქსელის გახსნისკენ უბიძგა. ახლა ამ ბარებს უამრავი ადამიანი სტუმრობს, მათ შორის, ჰოლივუდის ვარსკვლავები, რომლებსაც ძალიან მოსწონთ ტუტე წყლის, ჰიმალაური ვარდისფერი მარილისა და ბაბუაწვერასგან დამზადებული წვენები.
ჰალილი დღემდე ერთგული რჩება დევიზისა, რომელიც მასაც დაეხმარა ფეხზე წამოდგომაში და ბევრ სხვასაც: „გიყვარდეს, განკურნე და შთაგონებით აღავსე!“
ჰო, მართლა: თანამშრომლები საოცრად დიდ პატივს სცემენ რაფატის — არაჩვეულებრივი ხელმძღვანელიაო, ამბობენ. ყოფილი ნარკომანი და ახლა მილიონერი ჰალილ რაფატი პერსონალს სწორედ იმ ადამიანებისგან არჩევს, რომლებსაც უაღრესად სჭირდებათ დახმარება — როგორც ოდესღაც თავად მას.