რუსთავის თეატრში პრემიერის დღეებია, აღიარებულმა მსახიობმა და რეჟისორმა გოგი ქავთარაძემ მაყურებელს ჰენრიკ იბსენის პიესის - „ბრძოლა ტახტისთვის“, თავისებური ვერსია უჩვენა და მას უფრო თანამედროვე სათაური „ბრძოლა ხელისუფლებისთვის“ დაარქვა. სულგანაბული მაყურებელი გმირების ტექსტებსაც უსმენდა და განვითარებულ მოქმედებას თვალყურს ადევნებდა, დღევანდელ დღესთან ალბათ პარალელს ავლებდა და შემოქმედებით ჯგუფთან ერთად ისიც სვამდა კითხვას — ვინ უნდა იყოს ხელისუფალი? პასუხი ერთი იყო — ვინც მშვიდია, გაწონასწორებული, ვისაც მეტოქის შესაძლებლობების დაფასება-შეფასება შეუძლია ანუ ის, ვინც ქვეყანას სიმშვიდეს მოუვლენს.
ჯერ კიდევ XIX საუკუნეში, გენიალურმა ავტორმა, ჰენრიკ იბსენმა შეამჩნია, რომ პიროვნების დაშლა დაიწყო და საჭიროა ამას ბოლო მოეღოს, ვინაიდან ეს პროცესი კაცობრიობას უბედურებას მოუტანს. თავის ნაწარმოებებში ის იბრძვის აჩვენოს მთლიანი პიროვნება, ნებისყოფიანი, ძლიერი; აჩვენოს მისი შენარჩუნებული მეობა და თვითმყოფადობა. როგორი ვერსია შექმნეს იბსენის ურთულესი ნაწარმოებიდან შემოქმედებითმა ჯგუფმა, ამის შესახებ გვესაუბრებიან რუსთავის თეატრის სპექტაკლის მონაწილე მსახიობები და რეჟისორი გოგი ქავთარაძე.
-ბატონო გოგი, ამ ურთულესი პიესის თქვენეულ ვერსიაში ასე გამოიკვეთა: არსებობს ორი ხელისუფლება და მესამე, რომელიც მათ შორის ბრძოლას აჩაღებს. შეიძლება თუ არა, ამის აღქმა, როგორც ზოგადი, პოლიტიკური მოდელი?
რეჟისორი გოგი ქავთარაძე: ვის აქვს უფლება, იყოს ხელისუფალი — ამაზეა პიესა. ყველას არა აქვს უფლება. შეიძლება ძალიან ძლიერი იყო, მაგრამ ღმერთის უნდა იყო და გერს არაფერი ერგება.
- ზურა, დღევანდელ დღეს როგორ დაუკავშირებ შენი როლის არსს? შენ პერსონაჟს — მეფეს, აკადემიური, სადა, მაგრამ ძლიერი მუხტი აქვს. ის თავის თავში დარწმუნებული და არააგრესიულია. ხან რბილიც არის, ხან სასტიკი კი არა, უფრო ზუსტად — სამართლიანი და ამას ისიც ემატება, რომ იღბლიანია, ბედი აქვს. ამ პიესის თქვენეულ ვერსიაში, ბედი აქტიურად მოქმედებს, ისიც კარგად დავინახეთ, თუ როგორ აფასებთ შენ და შენი მეტოქე ერთმანეთის ძალას და უნარს.
მსახიობი ზურა ინგოროყვა: სამწუხაროდ, საქართველოში ეს პიესა არ დაუდგამთ. ბატონმა გოგი ქავთარაძემ განახორციელა ადრე და ახლა ისევ დაუბრუნდა. არადა, აქ არის ის სათქმელი, რაც ჩვენ ქვეყანაში ამ წუთას ხდება და ხდებოდა გუშინწინაც. ჩემ გმირს — მეფეს, პიესაში ჰოკონ ჰოკონსენი ჰქვია. ეს სახელები ამოვიღეთ, ვინაიდან გვინდოდა, რომ ჩვენი მოთხრობილი ამბავი ყველა ეპოქას და ქვეყანას შეხებოდა. ამ მეფის ცხოვრება, დავით აღმაშენებლის ცხოვრებას ძალიან ჰგავს. ტექსტი შევამოკლეთ და ცოტა თანამედროვე ელფერი მივეცით.
ხვალ არჩევნებია, 8 ოქტომბერს არჩევნები იყო. სცენური ცხოვრების დასაწყისში ჩემი გმირი, ფაქტობრივად საარჩევნო კამპანიას იწყებს, რომელსაც მოიგებს, თუმც ხვდება, რომ მაინც არიან ადამიანები, რომელთაც აქვთ თავისი ლოგიკა და ძალაუფლების ხელში ჩაიგდება უნდათ, მაგრამ ჩემი პერსონაჟი მართალია, უყვარს თავისი სამშობლო და ამასთან, უმართლებს. ამიტომაც ამბობს: თვითონ ღმერთის შვილია, ხოლო ჰერცოგი ღმერთის გერი, თუმც ის მეტოქის ძლიერებასაც აფასებს. ჩემი პერსონაჟი, რომ დაარწმუნონ, რომ სხვა მის ქვეყანას სწორი მიმართულებით წაიყვანს და სისხლს არ დაღვრის — დათმობდა ძალაუფლებას.
- ბატონო ირაკლი, თქვენი პერსონაჟი — ეპისკოპოსი, იმ სიტუაციას მორგებული კონკრეტული პიროვნებაა, მაგრამ ამავე დროს ზოგადად ის ადამიანია, რომელიც ხელისუფლებაში ნებისმიერ ხლართს ამოძრავებს. გმირის პიროვნების გამოხატვას ახერხებთ არა გარეგნული მაჩვენებლებით, არამედ სულის შინაგანი მოძრაობით.
მსახიობი ირაკლი ბექაია: თქვენ რაც ბრძანეთ, სწორედ ამას ვფიქრობდი — ასე იყო და ყოველთვის ასე იქნება. ბუნებით სხვანაირი ადამიანი ვარ, მაგრამ 50-წლიანმა სცენურმა გამოცდილებამ ბევრი რამ მასწავლა. რა უნდოდა ჩემ გმირს — ორ კაცს ერთმანეთს აჯახებდა, ხომ? მეფესა და ჰერცოგს და რაღაცებს ხლართავდა, მაგრამ ბოლოს ამოთქვა — ყოველთვის მსურდა ვყოფილიყავი წინამძღოლი.
- ზვიად, თქვენი პერსონაჟის კონფლიქტი საკუთარ თავთან, სხვასთან და გარე სამყაროსთან თვალხილულია, ის თითქოს კონტრასტს ქმნის ზურა ინგოროყვას პერსონაჟთან…
მსახიობი ზვიად დოლიძე: რაც შეეხება ჩემ პერსონაჟს, მას იბსენის პიესაში სკულე ჰქვია, რომელსაც ყველაფერი აქვს, მაგრამ აკლია ის, რაც ხელისუფალს უნდა ჰქონდეს. ის მატერიალურად უზრუნველყოფილია, მას ძალა ჰქონდა, ჯარი ჰყავდა, ბევრი ხალხი მხარს უჭერდა, მაგრამ მეორე კაცი იყო და აი, ეს — მეორესა და პირველს შორის უთანხმოება ადამიანში ზის. მთავარი აზრი და მიზანი ამ სპექტაკლის დადგმისა იყო ეს — ვინ უნდა იყოს ხელისუფალი, ვის აქვს უფლება იყოს ხელისუფალი.
და ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში?
ვისაც აქვს პროგრამა, ვისაც აქვს ძალა, ვისაც აქვს ნიჭი და ღვთის მადლი… ის, ვინც ხალხს უყვარს და ვინც ხალხის რჩეულია.