ბრინჯისა და ლობიოსგან დამზადებული პეიზაჟები და სიზმრიდან გადმოხატული ჟირაფები

© FB/Zhanna Kobalavaჟანა კობალავა
ჟანა კობალავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თავის დროზე კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი დაამთავრა. ჯერ სცენაზე მღეროდა, მოგვიანებით კი მისმა შემოქმედებითმა ნიჭმა დეკორატიულ ხელოვნებაში ჰპოვა ასახვა. ერთ მშვენიერ დღეს ჟანა კობალავამ სასურსათო პროდუქტებისგან არა მარტო კულინარიული ნამუშევრების კეთება დაიწყო.

მის პირველ გამოფენაზე მისული მნახველი მაკარონის, ბურღულეულისა ბრინჯისგან დამზადებული ნახელავებით მოიხიბლა. მოგვიანებით ეს პროდუქტები უფრო მყარმა მასალებმა ჩაანაცვლა და მათი ავტორი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ფანტაზიას მართლა არა აქვს საზღვარი…

© Zhanna Kobalavaჟანა კობალავას ნამუშევრები
ჟანა კობალავას ნამუშევრები - Sputnik საქართველო
ჟანა კობალავას ნამუშევრები

-ქალბატონო ჟანა, პირველად როდის გაგიჩნდათ სურვილი, რომ სასურსათო პროდუქტებისგან ხელოვნების ნიმუშები შეგექმნათ, ეს სამზარეულოში მოხდა?

— თქვენ წარმოიდგინეთ, ეგ იდეა სამზარეულოში არ გამჩენია. ყველაფერი ძალიან პროზაულად დაიწყო. მაშინ ჩემი შვილი, სერგო, მაშინ პატარა იყო და დიზენტერიის დიაგნოზით ინფექციურ საავადმყოფოში იწვა. მე რა თქმა უნდა თავზე ვედექი. ერთხელ როცა ჩაის ვუმზადებდი, ჩაის ფოთოლი, რომელიც ქილაში მქონდა, შემთხვევით ტუმბოზე დამეყარა. ის რაც დავინახე, ისე აღვიქვი როგორც პუდელის ფიგურა, ანუ ჩაის ფოთოლმა პუდელის ფორმა მიიღო. ორი კვირის შემდეგ სახლში რომ დავბრუნდი, ეს ამბავი გამახსენდა და გავიფიქრე: რატომაც არა? ვცადე, გავაკეთე და ძალიან კარგი ნამუშევარი გამომივიდა. იმ დროისთვის აღფრთოვანებული ვიყავი, იმიტომ, რომ მსგავსი რამ ჩემთვის უცხო იყო და გამიკვირდა როგორ გამომივიდა. ჩემი მეორე ნამუშევარი საექიმო ჩანთით, თეთრ ხალათში გამოწყობილი ზღარბი იყო. ამის მერე რამდენიმე წელი გავიდა. ჩემი ბიჭი გაიზრდა და რადიოში დაიწყო მუშაობა, სამსახურში გვიანობამდე იყო. ვიჯექი და ველოდებოდი. მის გადაცემას ლამფის შუქზე, რადიოში ვუსმენდი და თან საქმიანობით ვიყავი დაკავებული. ჩემი ნამუშევრებისთვის ვიყენებდი ისეთ მასალას, როგორიცაა, მაგალითად: ლობიო, სიმინდი, წიწიბურა, ბრინჯი, ფეხსაცმლის ჯაგრისი, ღილები, ჩაი, ბარდა, ჭადის ფქვილი, ღერღილი, მაკარონი. სხვათაშორის სხვადასხვა ფორმის ულამაზესი მაკარონი არსებობს.

© Zhanna Kobalavaავტორი -ჟანა კობალავა
ავტორი -ჟანა კობალავა - Sputnik საქართველო
ავტორი -ჟანა კობალავა

- რამდენადაც ვიცი, თქვენი ნამუშევრების პირველ მასალად ბომბონერის კოლოფებს იყენებდით…

— ასე იყო. 90 იან წლებში ბომბონერის კოლოფებისგან სხვადასხვა ნამუშევრების დამზადებით ვიყავი დაკავებული. სასაცილო ის იყო, რომ ყველა ჩემს მეგობარს, ვინც ჩემთან მოდიოდა, შოკოლადის ბომბონერის ცარიელი კოლოფები მოჰქონდა, ისინი შოკოლადებით სავსე იშვიათად იყო. ასე დამიგროვდა ბევრი ნამუშევარ, რომელთა თემა ყოველთვის ცხოვრებიდან მქონდა აღებული, ან რაღაც მომეწონებოდა და იმას ვაკეთებდი. ნამდვილად არ მახსოვს ვისი იდეა იყო, რომ გამოფენა გამეკეთებინა, მაგრამ ფაქტია, ამაზე ფიქრი დავიწყე. მოგვიანებით მივხვდი, რომ ეს ნამუშევრები არა ესთეტიურად გამოიყურებოდა: მტვერი ედებოდა, ზაფხულის პერიოდში კი მათ ბუზები სვრიდნენ. ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე, რომ ეს ყველაფერი ჩარჩოებში გადამეტანა. ძველი ნამუშევრებიდან კოლოფების ძირი ამოვჭერი და ისინი შემინულ ჩარჩოებში გადავიტანე. რა თქმა უნდა მათ რესტავრაციაც დასჭირდა, მაგრამ საბოლოოდ ძალიან ლამაზი ნამუშევრები გამოვიდა. რიცხვი ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ასეთი ნამუშევარი საკმაოდ ბევრი დამიგროვდა. მთლიანობაში ალბათ სამასზე მეტი იქნებოდა. მათი ნაწილი გაიყიდა, მეტი წილი მეგობრებს ვაჩუქე, შვილებმაც გაინაწილეს. რაღაც რაოდენობა სახლშიც დამრჩა. მერე მუშაობა უშუალოდ შემინულ ჩარჩოებში დავიწყე, ანუ ყველაფერი ჩარჩოებისთვის იყო გათვალისწინებული და არა ბომბონერის კოლოფებისთვის. 

© Zhanna Kobalavaავტორი - ჟანა კობალავა
ავტორი - ჟანა კობალავა - Sputnik საქართველო
ავტორი - ჟანა კობალავა

-ქალბატონო ჟანა, ალბათ სადილების კეთებასაც ასე შემოქმედებითად უდგებით, ანუ ისინი მარტო გემრიელი არ უნდა იყოს, ესთეტიურადაც ლამაზად უნდა გამოიყურებოდეს…

— ბუნებრივია, ძალიან მიყვარს კერძებისა და სუფრის გაფორმება. საავტორო კერძებიც მაქვს გამოგონებული. მაგალითად: ღვეზელი კომბოსტოთი და ბადრიჯნის ტორტი, რომელსაც ალბათ მარტო სახელი აქვს ტორტის, თორემ სინამდვილეში ბადრიჯნის სალათია, რომელიც ჩემს ოჯახში ძალიან უყვართ. მეგობრებიც ხშირად მაძლევენ შეკვეთას, რომ ის გავაკეთო. თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ ოჯახში ცოტა სნობები მყავს და ჩემს მიერ გამოგონებულ, ახალ კერძებს ცოტა არ იყოს, ეჭვის თვალით უყურებენ. ამიტომ ასეთი კულინარიული ინოვაციებით უფრო ჩემი მეგობრები ხარობენ.

© Zhanna Kobalavaჟანა კობალავას ნამუშევარი
ჟანა კობალავას ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ჟანა კობალავას ნამუშევარი

- თქვენი ნამუშევრებიდან ჩანს, რომ მოგვიანებით სასურსათო პროდუქტების მასალა, რისგანაც მათ ქმნიდით, შეცვალეთ…

— დიახ, მერე სხვა მიმართულებითაც მუშაობა დავიწყე. ბურღულეულს და ბუნებრივ მასალას ძირითადად დავანებე თავი და უფრო სხვა სახის მასალაზე გადავედი: ძაფებზე, ღილებზე, მაქვს ყვავილებისა და ფოთლებისგან დამზადებული სპილო, რომლის ჩარჩო დაწნული ძაფებისგანაა. ასევე ვიყენებ გამხმარ ფოთლებს, ზღვის კენჭებსა და გირჩებს… ეს ძალიან შრომატევადი საქმეა: ჯერ ესკიზს ვხატავ, მერე მას მუყაოზე ან ფიცარზე გადავიტან. ასევე ვაკეთებ ბრინჯისა ან თხელი გრძელი მაკარონისგან კონტურებს, რომლებსაც მთლიანად ვღებავ. ცარიელ ფურცელს ან მუყაოს იმ ფერებში ვფერავ, რითიც საბოლოოდ უნდა იყოს ნახატი და მერე მათ მასალით ვავსებ. ეს ყველაფერი რომ შრება, მასაც ვღებავ. ორი სამი დღის მერე, როცა გაშრება, უფერო ლაქს ვიყენებ, მერე საკიდს ვუკეთებ და ნამუშევარიც მზადაა. მათ სხვადასხვა სახელსაც ვარქმევ. მაგალითად, მაქვს ერთი ნამუშევარი, რომელსაც „შეწყვეტილი სიმღერა“ ჰქვია. მის დამზადებას დიდხანს მოვუნდი. ამ სურათზე ყვავილებით მოფენილი გზა, მარაო, ჩექმაა და ვიოლინოს წყვეტილი გასაღებია გამოსახული… 

შემოქმედებითი მეტამორფოზა: სცენიდან საგამოფენო დარბაზში

-აქ ვგრძნობ, თემის შეცვლა მოგვიწევს —  ამ ნამუშევარს „შეწყვეტილი სიმღერა“ ტყუილად არ დაარქვით, დარწმუნებული ვარ, მას რაღაც პრეისტორია აქვს?

— დიახ, ნამდვილად ასეა. თავის დროზე, როცა კონსტანტინე პევზნერი ცოცხალი იყო, ანსამბლ „რეროში“ ქასთინგი ჰქონდა. ისინი ერთი თვით ციმბირში მიდიოდნენ და ანსამბლისთვის ორი ახალგაზრდა სოლისტი გოგო სჭირდებოდათ. მაშინ კონსერვატორიაში ვსწავლობდი. დერჟინსკის კლუბში, რომელიც კონსერვატორიის გვერდით იყო, „რეროში“ სოლისტობის ბევრი მსურველი შეგროვდა, მაგრამ ორნი: მანანა მენაბდე და მე მიგვიღეს. ჩვენ ციმბირში უნდა წავსულიყავით და ამის გამო დაუსწრებელზე გადასვლა გვიწევდა, მაგრამ ჩვენმა რექტორმა, ბატონმა სულხან ცინცაძემ უარი გვითხრა. თანაც ოჯახიდანაც კატეგორიულ უარზე იყვნენ, რადგან მაშინ მოგეხსენებათ სხვა დრო იყო…

-ალბათ ციმბირთან მხოლოდ სიტყვა „გადასახლება“ ასოცირდებოდა, არა?

— სწორედ ეგ ვიგულისხმე… სამწუხაროდ მე კარგი საშუალება მქონდა და ამის გამოყენების უფლება არავინ მომცა… 

-ანუ ფიქრობთ, რომ ის გასტროლები თქვენს ცხოვრებას შეცვლიდა?

— და თქვენ როგორ ფიქრობთ?… წარმოიდგინეთ, 21 წლის გოგო „რეროს“ სოლისტი ხარ და პევზნერი სპეციალურად შენთვის სიმღერას წერს, ეს რამდენს ნიშნავს?. გესმით, რა დღეში ჩავვარდებოდი? ის ტკივილი ახლაც, ამდენი წლის მერეც მახსოვს… ძალიან განვიცდიდი და ვტიროდი, მესიზმრებოდა კიდეც…

- სიტყვამ მოიტანა და, თქვენი სიზმრის მიხედვით თუ შეგიქმნიათ რაიმე ნამუშევარი? 

— კი, იყო ასეთი რამ… 6 წლის წინ, პლეხანოვზე გამართული ყველაზე დიდი გამოფენის აფიშაზე გამოსახული იყო ჟირაფები ღამეში… სწორედ ამ ნახატის სიუჟეტი დამესიზმრა. დილით რომ ავდექი, არ დამავიწყდეს მეთქი და ესკიზი გავაკეთე.. ამ ნახატზე გამოსახულია- ერთი დიდი ჟირაფი და მის უკან ორი პატარა, ისინი ბნელ ღამეში მოდიან. მიწა შავია, თვითონაც შავები არიან, მხოლოდ მათი სილუეტებია თეთრი და ფონად მოწითალო-მოყვითალო ცა მოჩანს. ასეც ხდება- სიზმარი რაიმე საინტერესო თემას გთავაზობს, უბრალოდ ცხადში მისგან რაღაც ღირებული უნდა შექმნა…

 

ყველა ახალი ამბავი
0