თბილისი, 28 ოქტომბერი —Sputnik. დრამატული ტენორი ბადრი მაისურაძე ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გახდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ოპერის თეატრის ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის არჩევა მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ყოფილი ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი გაათავისუფლა. ამას წინ უძღვოდა სკანდალი თეატრში. თანამშრომლების ჯგუფმა ხმაურითა და სკანდალით დატოვა თანამდებობა, თან აღნიშნეს, რომ თეატრში კინწურაშვილის მისვლის შემდეგ თეატრში „ნორმალური სამუშაო გარემო არ არსებობს“.
თეატრის ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან არსებულმა საბჭომ აირჩია.
მაისურაძე თბილისში ინჟინრისა და ფილარმონიის მომღერლის ოჯახში აღიზარდა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური უნივერსიტეტი და ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია.
1988-90 წლებში სტაჟირება გაიარა დიდ თეატრში ზურაბ სოტკილავას ხელმძღვანელობით. 1990-1993 წლებში კი ზაქარია ფალიაშვილის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე მღეროდა.
მისი საერთაშორისო კარიერა 1993 წლიდან დაიწყო.