თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. მონადირეების მიერ დაჭრილი ბექობის არწივი თბილისის ზოოპარკში ორთვიანი მკურნალობის შემდეგ თავის ბუნებრივ გარემოს დაუბრუნდა.
არწივის მკურნალობა და მისი ველურ გარემოში დაბრუნება თბილისის ზოოპარკმა ველური ბუნების დაცვის ორგანიზაცია SABUKO-სთან ერთად შეძლო. ეს ორგანიზაცია საქართველოში ველური ბუნების შენარჩუნებით არის დაკავებული.
არწივი ზოოპარკში ორი თვის წინ მიიყვანეს. მას არც დგომა და არც ფრენა არ შეეძლო, აღნიშნავენ ზოოპარკის პრეს-სამსახურში.
„შევიფარეთ და ჩვენი ვეტექიმები საქმეს შეუდგნენ — ჭრილობის დამუშავება, ანტიბიოტიკები, ვიტამინები… თავიდან ხელით უწევდათ მისი გამოკვება. რამდენიმე დღეში დამშვიდდა, ცოტა მოღონიერდა და დამოუკიდებლად დაიწყო ჭამა. შემდეგ? ჯერ ფეხზე დადგა, მერე ხტუნვა დაიწყო, ნელ-ნელა ფრთებიც გაშალა და მალე ქანდარასაც შესწვდა“, — აღნიშნულია განცხადებაში.
მოგვიანებით ზოოპარკის თანამშრომლებმა ის ფართო ვოლიერში გადაიყვანეს და ადამიანებთან კონტაქტი შეუზღუდეს, რათა გადაჩვეოდა ადამიანებს და შემდეგ ველურ ბუნებაში გაეშვათ.
„თავიდან მაღლა ვერ აფრინდა, მიწის პირს მიუყვებოდა. უცბად ქვემოთ დაეშვა და ჩვენებმა იმედი რომ გადაიწურეს, ვეღარ გაფრინდებაო, კამარა შეჰკრა და ცაში აიჭრა“, — აღნიშნავს პრეს-სამსახური.
ბექობის არწივი გადაშენების პირასაა და წითელ წიგნშია შეტანილი. საქართველოში ამ სახეობის 17-დან 23 წყვილამდე ცხოვრობს. მათზე ნადირობა აკრძალულია.