თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. ცენტრალურ იტალიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაზარალებულან, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
5,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მაჩერატის პროვინციაში ოთხშაბათს, საღამოს მოხდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე მომხდარიდან უმოკლეს დროში 5,9 მაგნიტუდის სიმძლავრის ძლიერი ბიძგები დაფიქსირდა. ცენტრალურ იტალიაში სეისმური აქტივობა მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. მიწისძვრის შედეგად, სავარაუდოდ, 10 ადამიანი დაზარალდა, ასევე გავრცელდა ინფორმაცია რიგ დასახლებულ პუნქტებში შენობა-ნაგებობების ნგრევის შესახებ.
„იტალიური მხარე დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს. იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო მუდმივ კავშირზეა იტალიის შესაბამის სამსახურებთან", — ნათქვამია უწყების განცხადებაში.
იტალიის რესპუბლიკაში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით ქალაქ რომში, საქართველოს საელჩოში მოქმედებს „ცხელი ხაზი“: (+39 333) 887 91 23. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში ასევე მოქმედებს „ცხელი ხაზი“: (+995 32) 294 50 50.