თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისის“ გუშაგმა, რომელმაც ცენტრის ტერიტორიაზე შეჭრილი ადამიანი მოკლა, ინსტრუქციების თანახმად მოქმედებდა, განუცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს.
გამოძიების მონაცემებით, კვირას, დაახლოებით დილის 03:30 საათზე „კრწანისის“ გუშაგმა სამხედრო ცენტრზე სამი უცხო პირის თავდასხმა აღკვეთა. გუშაგმა, მას შემდეგ, რაც მის სიტყვიერ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ, ცეცხლი გახსნა და ერთ-ერთი თავდამსხმელი მოკლა, ორმა კი გაქცევა მოახერხა. დაღუპულის ოჯახი გუშაგის ქმედებების კანონიერებას ეჭვქვეშ აყენებს.
„მოგეხსენებათ, რომ სამხედრო ობიექტებს გააჩნიათ ძალიან მკაცრი დაცვის წესები და იმ სამხედროებს, რომლებიც იცავენ სამხედრო ობიექტს, აქვთ ძალიან მკაცრად გაწერილი ინსტრუქციები. ჯარისკაცი მოქმედებდა მთლიანად ამ ინსტრუქციების შესაბამისად, ამიტომ ამ მიმართულებით შეკითხვები გამორიცხულია“, — განაცხადა კვირიკაშვილმა. მისი კომენტარი ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში გადაიცა.
პრემიერმა ძალზე სამწუხარო უწოდა „კრწანისის“ ბაზაზე ახალგაზრდა კაცის დაღუპვის ფაქტს და მის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.
„გამოძიება მიმდინარეობს. გამოძიების შედეგები გახდება ცნობილი. ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერი ალტერნატიული გამოძიებისთვის გავხსნათ კარი. მე პირადად დეტალებში შევისწავლე ეს საკითხი და ჩემი აზრი გახლავთ ის, რომ სამხედროები მოქმედებდნენ ძალიან მკაცრად იმ ინსტრუქციების მიხედვით, რაც მათ გააჩნიათ“, — აღნიშნა კვირიკაშვილმა.
გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს („სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით“). დანაშაული ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ხუთ წლამდე ვადით ან თავისუფლების აღკვეთით ორიდან ოთხ წლამდე ვადით.
საქმეს, მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია იძიებს.
ცენტრის ბაზაზე ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის შტაბის შენობის მშენებლობა მიმდინარეობს.
საქართველოში აშშ-ის ელჩმა „კრწანისის“ ცენტრზე თავდასხმას შემაშფოთებელი უწოდა და აღნიშნა, რომ ამერიკის ხელისუფლება ამ თემაზე საქართველოს მთავრობასთან ერთად იმუშავებს.