კვლავ „დინამო“, კვლავ ცვლილებები, კვლავ ახალი მთავარი მწვრთნელი… თბილისურ კლუბში მწვრთნელების ცვლის, შემადგენლობის განახლების პროცესი გრძელდება. ამჯერად „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი ვიაჩესლავ გროზნი გახდა. ცოტა ხნით ვცადოთ და გამოვიდეთ გავრცელებული სარკაზმიდან, რომელიც ძირითადად დინამოელთა ახლად დანიშნული თავკაცის გვარიდან და მის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოდან მომდინარეობს, და შევეცადოთ ჩავუღრმავდეთ იმ მიზეზებს, რის გამოც გროზნი „დინამოს“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ბუნებრივია, რომ ეს ანალიზი სუბიექტურია, არაა აუცილებელი, რომ მკითხველი აქ გამოთქმულ მოსაზრებებს იზიარებდეს, მაგრამ ისიც უდავოა, რომ მასაც გააჩნია არსებობის უფლება.
თავიდანვე ვთქვათ: მთავარი მწვრთნელის დანიშვნა საკმაოდ შრომატევადი პროცესია, რომელსაც თან იღბლიანობის ან, თუ გნებავთ, ინტუიციის მომენტი ახლავს. რაც უფრო კვალიფიციურად შრომობენ ამ მიმართულებით მომუშავე ადამიანები, მით უფრო ნაკლებია იმის შანსი, რომ ახალი კადრის წარმატება-წარუმატებლობა იღბალზე იყოს დამოკიდებული. ყველაფერი ყოველთვის იდეალურად არ მიდის და ამის უამრავი მაგალითი არსებობს. ცდებიან გრანდებშიც, საშუალო დონის კლუბებშიც და ევროპული მასშტაბით პატარა გუნდებშიც.
ალბათ, პირველ რიგში, საჭიროა, რომ კარგად გაირკვეს, რა სახის ამოცანები დგას ამა თუ იმ სპეციალისტის წინაშე, როდესაც მას მთავარ მწვრთნელობას სთავაზობენ. შესაბამისად, ამ ათვლის წერტილიდან შეგვიძლია ვიმსჯელოთ კითხვაზე — სჭირდება თუ არა „დინამოს“ ტოპ-მწვრთნელი. აუცილებელი განმარტება — ტოპ-მწვრთნელებში არ იგულისხმება, მაგალითად, მარტო მაურინიოს ან სიმეონეს კალიბრის სპეციალისტი. „დინამოს“ შემთხვევაში ეს წრე შეგვიძლია გავაფართოვოთ და ამ კატეგორიაში, მაგალითად, ფრანკ დე ბურის დონის სპეციალისტებიც შევიყვანოთ. დიდი ალბათობით, პასუხი გვექნება — არა!!! და რატომ არა? ნურავინ მიწყენს, მათ შორის ნურც „დინამოს“ ფეხბურთელები, მაგრამ მათ მიერ ჩატარებული მატჩებიდან ნათელია — ისინი გრანდებთან მუშაობისთვის მზად არ არიან. მოთხოვნებს, რომლებიც მათი მისამართით ასეთი კატეგორიის სპეციალისტებს ექნებათ, „დინამოს“ ფეხბურთელები უბრალოდ ვერ შეასრულებენ. ამიტომ თბილისურ კლუბს სჭირდება ადამიანი, რომელიც საქმეს, პრაქტიკულად, ნულიდან დაიწყებს, ანუ გადაახალისებს შემადგენლობას, მოახდენს აკადემიის აღზრდილების ძირითად გუნდში ინტეგრირებას და მათ შეასწავლის იმას, რაც აუცილებელია ე.წ. „ტოპებთან“ სამუშაოდ. პროცესი ძალიან მტკივნეული შეიძლება იყოს, მაგრამ ამის გარეშე მსოფლიოში არსად არც ერთი გუნდი არ გაკეთებულა.
ახალგაზრდა მოთამაშეების აღმოჩენა და დაწინაურება „დინამოს“ განვითარების და სტრატეგიის მთავარი პირობა უნდა იყოს. რამდენად გამოადგება ამ უმნიშვნელოვანეს საკითხში გუნდს ვიაჩესლავ გროზნი? ამის შესახებ დასკვნის გაკეთების ყველაზე კარგი საშუალება უკრაინელის ამ მიმართულებით გაწეული სამუშაოს შეფასებაა. პირველი, რაც გვახსენდება, გროზნის კარიერის ის პერიოდია, როდესაც იგი მოსკოვის „სპარტაკში“ მოღვაწეობდა. მაშინ მის სახელს „რუსეთის სახალხო გუნდში“ ვალერი კეჩინოვის გამოჩენას უკავშირებდნენ. რა თქმა უნდა, ერთი მაგალითით ზოგად ტენდენციებზე საუბარი გამართლებული არაა, მაგრამ თუ ამ ფაქტს იმასაც დავუმატებთ, რომ რუსულ და, ზოგადად, საფეხბურთო წრეებში მას ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მიმართებით როგორც საკმაოდ „მახვილი თვალის“ მქონე სპეციალისტს, ისე ახასიათებენ, წესით, იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ „დინამოს“ აკადემიის აღზრდილთაგან ღირსეულების ინტეგრირება გუნდში აუცილებლად მოხდება.
ლეგიონერებით თბილისური კლუბის გაძლიერება – კიდევ ერთი საკითხია, რომელსაც გულშემატკივარი მტკივნეულად აღიქვამს. „დინამოში“ ჩამოსულთაგან ბოლომდე, ალბათ, მაინც ორმა — ნედ ზელიჩმა და ჩისკომ გაამართლეს. შესაბამისად, თუ „დინამოს“ მენეჯმენტი, გროზნის პერიოდში უსარგებლო უცხოელების ჩამოყვანისგან თავს შეიკავებს, ეს კარგი, პირველ რიგში, „დინამოს“ ახალი ბირთვის ჩამოყალიბებისთვის იქნება. ხოლო როდესაც ამ ბირთვის ჩამოყალიბებას პატივცემული ვიაჩესლავი დაასრულებს, მერე გუნდის გაძლიერებაზეც შეიძლება ფიქრი.
მოდით, კიდევ ერთხელ და ამჯერად, ალბათ, უკანასკნელად აღვიჭურვოთ მოთმინებით და, რაც მთავარია, ვიაჩესლავ გროზნის მივცეთ დრო. წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ იმავე შედეგს, ანუ კლუბიდან გაშვებულ მწვრთნელს და მისდამი დასახული ამოცანების სისწორის ეჭვქვეშ დაყენებას.