თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „ბასიანი" აშშ-ში საგასტროლო ტურნეთი იმყოფება.
როგორც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში განაცხადეს, ტურნეს ფარგლებში, რომელიც 16 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ფარგლებში გრძელდება, მუსიკოსები არამარტო კონცერტებს, არამედ სტუდენტებისთვის მასტერ-კლასებსაც გამართავენ.
„ბასიანი“ კონცერტებს გამართავს სანტა-ბარბარაში, ბერკლში, სან-ფრანცისკოსა და ნიუ-იორკში.
ნიუ-იორკში ანსამბლის კონცერტებზე, რომელიც 25-29 ოქტომბრის პერიოდში ჩატარდება, მსმენელის წინაშე ცნობილი ამერიკელი ჯაზ-პიანისტი და ქართული წარმომავლობის კომპოზიტორი გიორგი მიქაძე წარდგება. მუსიკოსებმა ერთობლივად რამდენიმე კომპოზიცია შექმნეს, რომელიც ფოლკის, ჯაზის, ფანკის, ჰიპ-ჰოპის, R&B-სა და ელექტროაკუსტიკურ მოტივებს აერთიანებს.
„ბასიანის“ აშშ-ში გასტროლის ორგანიზატორი ამერიკული პროდიუსერული კომპანია David Eden Productions-ია, რომელიც ანსამბლთან 2010 წლიდან თანამშრომლობს.
ანსამბლი "ბასიანი" 2000 წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაარსდა.