საქართველოს პარლამენტის არჩევნები - მეორე ტური

გამოწერა

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაჭიანურდა. 8 ოქტომბრის კენჭისყრის შედეგებით, საკანონმდებლო ორგანოში სადეპუტატო ადგილების მესამედი ვაკანტური დარჩა. არჩევნების მეორე ტური ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში 30 ოქტომბერს გაიმართება.

საქართველოს პარლამენტში 150 დეპუტატია. პარლამენტის არჩევნები შერეული სისტემით ტარდება: 77 დეპუტატი პარტიული სიით (პროპორციული სისტემა), ხოლო 73 ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში (მაჟორიტარული სისტემა) აირჩევა.

ამ დროისთვის პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების ოფიციალური შედეგები ასეთია:

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 48,68%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 27,11%, საარჩევნო ბლოკი „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“ – 5,01%.

მმართველმა პარტიამ პირველი ტურის შედეგებით 44 მანდატი, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 27 მანდატი, ხოლო „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ 6 მანდატი მოიპოვეს.

ამ მომენტისთვის მაჟორიტარული სისტემით პარლამენტში მხოლოდ „ქართული ოცნების“ კანდიდატები მოხვდნენ, შესაბამისად, პარტიამ დამატებით 23 მანდატი მიიღო.

მეორე ტური გადაწყვეტს, ახალი მოწვევის პარლამენტში ვინ შეავსებს დარჩენილ 50 ადგილს.

ყველა ახალი ამბავი
0