თბილისი, 25 ოქტომბერი– Sputnik. VII საერთაშორისო სლავური ლიტერატურული ფორუმის "ოქროს რაინდის" პრიზიორი ორი ქართველი ავტორი გახდა. ფორუმის ფინალი 15-19 ოქტომბერს სტავროპოლში გაიმართა. ლიტერატურული ფორუმი ხელოვნების სლავური ფორუმის "ოქროს რაინდის" ფარგლებში ჩატარდა და ძირითადად სლავური ქვეყნების მწერლებს აერთიანებს, რომელთა ნაწარმოები ეხმიანებიან ფორუმის დევიზს: "ზნეობრივი იდეალებისათვის, ადამიანის სულის ამაღლებისათვის".
ფორუმის პრიზიორები გახდნენ პოეტი და მთარგმნელი გიორგი (გუგული) ქებურია და პოეტი იულია კლიუჩნიკოვა. ორივე საქართველოს პუშკინის სახელობის რუსულენოვან მწერალთა საზოგადოების "არიონის" წევრები არიან.
რუსულ ენაზე “ვეფხისტყაოსნის” მოკლე შინაარსის პოეტური თარგმანისათვის ქებურიას "ბრინჯაოს რაინდის" მცირე ქანდაკება და დიპლომი გადაეცა.
გიორგი ქებურია რამდენიმე პოეტური კრებულისა და ქართული პოეზიის თარგმანების ავტორია. 2010 წელს მიენიჭა საქართველოს ეროვნული პრემია. რუსულ ენაზე “ვეფხისტყაოსნის” მოკლე შინაარსის პოეტური თარგმანისთვის ქებურიას ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია მიენიჭა.
იულია კლიუჩნიკოვამ "ოქროს დიპლომი" მიიღო ლექსების კრებულისათვის "ბროლის ლარნაკები". ის რამდენიმე პოეტური კრებულის ავტორია. უცხოეთში თანამემამულეთა მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაამთავრა პიატიგორსკის სახელმწიფო ლინგვისტური უნივერსიტეტის ფაკულტეტი და ასპირანტურა. იბეჭდება თბილისის და პიატიგორსკის ლიტერატურულ ალმანახებში, პიატიგორსკის შემოქმედებითი გაერთიანებების "ეოლოსის არფას" და "მეექვსე გრძნობის" წევრია.
ლიტერატურულ ფორუმზე ეს ქართველი ავტორების პირველი გამარჯვება არ არის. სხვადასხვა წლებში "ოქროს რაინდის" პრიზიორები გამხდარან ქართველი ლიტერატორები – მარიამ სარაჯიშვილი, ზორიანა ჩებოტარი, მიხეილ ანანოვი და ვიქტორია მაქსოევა.
წელს საკონკურსო ნაწარმოებების შერჩევა შვიდ ნომინაციაში განხორციელდა: პროზა, პოეზია, პუბლიცისტიკა, საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურა, სლავ ხალხთა ისტორიის ლიტერატურა, სლავური ლიტერატურისმცოდნეობის ნამუშევრები და ლიტერატურული კინოსცენარები. ასევე წარმოდგენილი იყო ახალგაზრდა ლიტერატორების სადებიუტო ნაწარმოები.
ფორუმის ფარგლებში სტავროპოლში ცნობილი მწერლებისა და პოეტების 25 შემოქმედებითი შეხვედრა და მასტერ-კლასი ჩატარდა, ასევე კინოჩვენებები თემაზე "ლიტერატურის კლასიკოსები ეკრანზე", რომლებმაც მაყურებელს ცნობილი ლიტერატურული ნაწარმოებების მიხედვით დადგმული სპექტკლები წარუდგინეს.
სულ კონკურსში მონაწილეობდა სხვადასხვა ჟანრის 200 ნაწარმოები რუსეთიდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან, სერბეთიდან, ბულგარეთიდან, საქართველოდან, მოლდოვიდან, ყაზახეთიდან, საბერძნეთიდან, ესტონეთიდან და აშშ-დან.
ხელოვნებათა სლავური ფორუმის "ოქროს რაინდის" საპატიო მეურვეები არიან მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქი კირილი და რუსეთის კულტურის ფონდისა და რუსეთის კინემატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარე, რუსეთის სახალხო არტისტი ნიკიტა მიხალკოვი.