თბილისი. 25 ოქტომბერი— Sputnik. რუსეთის პრემიერ-ლიგის საფეხბურთო კლუბ "ამკარის" მცველმა გიორგი ჯიქიამ, შესაძლებელია, რუსეთის ნაკრების შემადგენლობაში ითამაშოს, იუწყება გამოცემა "Спорт-Экспресс".
ქალაქ პერმის კლუბის მთავარი მწვრთნელის გაჯი გაჯიევის თქმით, რუსეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელი სტანისლავ ჩერჩესოვი ჯიქიას გამოძახებას მომავალ წლის ერთერთ შეკრებაზე გეგმავს.
რუსეთის პასპორტის მქონე ჯიქიათი საქართველოშიც დაინტერესდნენ.
" ჯიქია ჩვენთვის ძალიან საინტერესო ფეხბურთელია-ძალიან ნიჭიერი და პერსპექტიული. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მომავალში გიორგიმ საქართველოს ნაკრებში ითამაშოს. პრობლემა ისაა, რომ ის სხვა ქვეყნის მოქალაქეა. თუმცა, საბოლოოდ, ყველაფერი მისი გადასაწყვეტია”,-განაცხადა პრესკონფერენციაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა.
რუსეთის წლევანდელ ჩემპიონატში ჯიქიამ "ამკარის" შემადგენლობაში შეცვლის გარეშე 11 მატჩი ითამაშა. XI ტურში გუნდმა მხოლოდ ექვსი ბურთი გაუშვა და ამ მაჩვენებლის მიხედვით ЦСКА-სთან პირველ ადგილს იყოფს.