თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის გარეუბნებში — კოჯორში, კიკეთსა და ბეთანიაში პირველი თოვლი მოვიდა.
ნალექის გამო გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მიმდინარეობდა.
„ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და, საჭიროების შემთხვევაში, გზის გაწმენდითი სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება“, — განაცხადა „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა დავით დოლიძემ.
სინოპტიკოსები ნალექს თბილისში ოთხშაბათსაც პროგნოზირებენ, იქნება ღრუბლიანი და ნისლიანი ამინდი. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრს მიაღწევს. ღამით 2, ხოლო დღისით 4 გრადუსი სითბო იქნება.
როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში იწვიმებს, ხოლო მთაში — მოთოვს. ქარის სიჩქარე დასავლეთ საქართველოში წამში 20-25 მეტრს მიაღწევს, ხოლო აღმოსავლეთში — 17-22 მეტრს.
დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 6-11 გრადუსი სითბო, დღისით — 10-15. მაღალ მთაში ღამით იქნება მინუს 3 — პლუს 2, ხოლო დღისით — 2-7 გრადუსი სითბო. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით ჰაერის ტემპერატურა იქნება მინუს 2 – პლუს 3 გრადუსი, ხოლო დღისით — 1-6 გრადუსი სითბო; მაღალ მთაში ღამით მინუს 8-3 გრადუსი, ხოლო დღისით — მინუს 5-0 გრადუსია მოსალოდნელი.
ამინდი მთელ საქართველოში 27-დან 29 ოქტომბრის ჩათვლით გამოვა. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთში 21 გრადუსამდე, ხოლო აღმოსავლეთში — 10 გრადუსამდე მოიმატებს.