ვლადიმირ ვდოვიჩენკოვი: ქალი უნდა გააცინო თუ სიამოვნება მიანიჭო?

© Sputnik / Levan Avlabreliვლადიმირ ვდოვიჩენკოვი
ვლადიმირ ვდოვიჩენკოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსახიობმა ამ როლით კიდეც გააცინა და კიდეც სასიამოვნოდ გააკვირვა ქართველი მაყურებელი, რითიც, თითქოს, პასუხიც გასცა საკუთარი გმირის კითხვას: „ქალი უნდა გააცინო თუ სიამოვნება მიანიჭო?“

ანასტასია შრაიბერი

„ბუმერისა“ და „ბრიგადის“ ვარსკვლავი, მოსკოვის ვახტანგოვის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი ვლადიმირ ვდოვიჩენკოვი ქართველ მაყურებელს შეშლილი გუსტავის როლით დაამახსოვრდება, რომელიც მან თბილისში ითამაშა ფრანგი დრამატურგის ჟერალდ სიბლეირასის სპექტაკლში ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ GIFT-ის ფარგლებში.

ვლადიმირ ვდოვიჩენკოვთან ინტერვიუ, ბუნებრივია, ქართული სამზარეულოთი დავიწყეთ.

— ქართული სამზარეულო შესანიშნავია, მართლა შესანიშნავი. მეტსაც გეტყვით: ის იმდენად კარგია, რომ მოსკოვში, პატრიარქის ტბორებზე (სადაც მე ვცხოვრობ) მდებარე სინაგოგის თავზეც კი ქართული რესტორანია გახსნილი.

© Sputnik / Denis Aslanovვლადიმირ ვდოვიჩენკოვი შეშლილი გუსტავის როლში
ვლადიმირ ვდოვიჩენკოვი შეშლილი გუსტავის როლში - Sputnik საქართველო
ვლადიმირ ვდოვიჩენკოვი შეშლილი გუსტავის როლში

— რაც შეეხება თქვენს გმირს, რითია ის თქვენთვის ახლობელი?

— ის ისეთივე შეშლილია, როგორიც მე. სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცი, რამდენად ახლობელია, თუმცა მესმის მისი დაუოკებელი ენერგიის მოტივაცია და ბუნება. მესმის, რომ მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, რა იქნება, მთავარია მოძრაობა. პირადად ვიცნობ ბევრ ისეთ ადამიანს, რომლებისთვისაც სულ ერთია, ექნება თუ არა შედეგი და სარგებელი მათ ქმედებას, მთავარია, რომ ენერგია ჩქეფდეს და რაღაც ხდებოდეს.

— დარბაზის ენერგეტიკა როგორ მოქმედებს თქვენზე? რას იტყვით ქართველ მაყურებელზე?

— იცით, უკაცრავად, მაგრამ ჩვენთან სპექტაკლის დროს ისეთი რაღაცეები არ ხდება, რაც აქ მოხდა გუშინ, როცა ადამიანებმა ხმამაღლა დაიწყეს იმის გარჩევა, ვინ ვის ადგილზე იჯდა. მესმის, რომ აქაურებს მოჭარბებული ტემპერამენტი აქვთ, მაგრამ, ხალხო, სცენაზე სპექტაკლი მიდის და იქნებ შეიცადოთ?

© Sputnik / Denis Aslanovვლადიმირ ვდოვიჩენკოვი და მაქსიმ სუხანოვი ჟერალდ სიბლეირასის სპექტაკლში
ვლადიმირ ვდოვიჩენკოვი და მაქსიმ სუხანოვი ჟერალდ სიბლეირასის სპექტაკლში - Sputnik საქართველო
ვლადიმირ ვდოვიჩენკოვი და მაქსიმ სუხანოვი ჟერალდ სიბლეირასის სპექტაკლში

ამაზე ვდოვიჩენკოვს მაქსიმ სუხანოვი შეეკამათა და უთხრა, რუსი მაყურებელიც იქცევა ხოლმე ასეო. ვლადიმირმა შენიშვნა მიიღო და განაგრძო:

— მოკლედ, როცა გუშინ ვიკითხე, ეს რა იყო–მეთქი, მიპასუხეს, დამშვიდდი, წინა სპექტაკლზე საერთოდაც იჩხუბესო. ესე იგი, გამოდის, რომ ჩვენ კიდეც გაგვიმართლა.

საუბარში ფესტივალ GIFT-ის დამფუძნებელი ქეთი დოლიძე ჩაერთო და აღნიშნა, რომ ქართველი მაყურებელი იქნებ ზედმეტად ემოციურია, მაგრამ აქვს უზარმაზარი პლუსი: იცის რუსული ენა და პირველივე სიტყვებიდან რეაგირებს წარმოთქმულ ფრაზაზე. მისი თქმით, არსებობს სპექტაკლის სუბტიტრების პრაქტიკა, მაგრამ ქართველ თეატრალებს ამის გაკეთება არ სჭირდებათ. 

© Sputnik / Denis Aslanovსცენა რეჟისორ რიმას ტუმინასის სპექტაკლიდან „Ветер шумит в тополях"
სცენა რეჟისორ რიმას ტუმინასის სპექტაკლიდან „Ветер шумит в тополях  - Sputnik საქართველო
სცენა რეჟისორ რიმას ტუმინასის სპექტაკლიდან „Ветер шумит в тополях"

ვლადიმირმა კი განაგრძო:

— რამდენჯერმე მოგვიწია სუბტიტრებით, ანუ თარგმანით თამაში — ყველამ ხომ არ იცის რუსული ენა მსოფლიოში — და მსახიობს ყოველი რეპლიკის შემდეგ, სულ ცოტა, სამწამიანი პაუზის გაკეთება უწევს, რათა მაყურებელმა სუბტიტრის წაკითხვა, ფრაზის გააზრება და მასზე რეაგირება მოასწროს. როცა მსახიობს ეს გათავისებული აქვს, არც მაყურებელს ეშლება ხელი და არც თავად მსახიობს. მაგრამ თუ ამას მაშინვე ვერ აუღო ალღო, მაშინ მსახიობი გამუდმებით დარბაზში იყურება, ხოლო მაყურებელი სადღაც მის თავს ზემოთ, სუბტიტრებს ასცქერის. ანუ, მისთვის იმ მომენტში სულ ერთია, რა ხდება სცენაზე, მისთვის მთავარია თარგმანი. ქეთიმ კარგად შენიშნა: ქართველმა მაყურებელმა რუსული ენა იცის და ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ გვქონია.

— თუ გქონიათ შემთხვევა, როცა დარბაზს თქვენს თამაშზე რეაგირება არ მოუხდენია?

— მქონია, როგორ არა. უბრალოდ, ყოველთვის ვერ ვხვდები ხოლმე, რატომ ჩუმდებიან — იმის გამო, რომ ცუდად ვითამაშე, თუ იმის გამო, რომ ჩემი თამაშით შევძარი.
ზოგადად კი ყველაზე უკეთეს შეფასებად, იცით, რა მიიჩნევა? როცა სპექტაკლის ბოლოს დარბაზში რამდენიმე წამიანი დუმილი ჩამოწვება და მერე უცბად ოვაციები იფეთქებს. მაგრამ მე მგონია, რომ ასეთი „გემრიელი“ ვარიანტი მხოლოდ ლეგენდებსა და ფილმებში ხდება. 

რა თქმა უნდა, ისეც ხდება, რომ მაყურებელს შენი არ ესმის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მისი გარკვეულად შემზადების მომენტი, რათა როდესაც მსახიობი სცენაზე გავა, გაუგებარი არ იყოს, რის ჩვენებას აპირებს ის. მაყურებელი უნდა დააინტერესო, ამბავში ჩაითრიო და მაშინ ის შენთან ერთად იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0