თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. კანადელი ეპისკოპოსის, ასურელთა ეპარქიის საპატიო ხელმძღვანელის, 77 წლის ჰანნა ზორას ცხედარი თბილისში, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ 2 ოქტომბერს აღმოაჩინეს, თუმცა ეს ინფორმაცია მხოლოდ ახლა გავრცელდა.
არქიეპისკოპოსი თბილისში 30 სექტემბერს რომის პაპ ფრანცისკის დელეგაციის შემადგენლობაში ჩამოვიდა. ქართული გაზეთი PrimeTime-ის ინფორმაციით, არქიეპისკოპოსს კუჭთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. მას სთხოვდნენ, მგზავრობაზე უარი ეთქვა, თუმცა მან თბილისში ჩამოსვლა მაინც გადაწყვიტა.
თბილისში მესის მიმდინარეობისას, რომელიც რომის პაპმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 1 ოქტომბერს ჩაატარა, არქიეპისკოპოსი ცუდად გახდა და ის სასტუმროს ნომერში დაბრუნდა. ცხედარი სისხლის გუბეში მეორე დილით აღმოაჩინეს, როდესაც პაპს საქართველო უნდა დაეტოვებინა.
თავდაპირველად ფაქტი, ვატიკანის უსაფრთხოების სამსახურის თხოვნით, არ გაახმაურეს, მაგრამ სასტუმროს დირექტორი გაზეთთან ინტერვიუში ამბობს, რომ ასეთი აკრძალვა არ ყოფილა.
გარდაცვალების მიზეზი დგინდება. ქართველმა სამართალდამცველებმა ჩაატარეს ექსპერტიზა და ყველა აუცილებელი საგამოძიებო ღონისძიება.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მუხლით „თვითმკვლელობამდე მიყვანა“, რომელიც ისჯება თავისუფლების შეზღუდვით 3 წლამდე ვადით ან თავისუფლების აღკვეთით ორიდან ოთხ წლამდე ვადით.
რომის პაპი ფრანცისკი თბილისში 30 სექტემბერს ჩამოვიდა და 2 ოქტომბრამდე იმყოფებოდა.