თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ მიიღო „ლეიბორისტული პარტიის“ სარჩელი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ლეიბორისტები ითხოვენ, რომ მოხდეს ბიძინა ივანიშვილის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა ანგოლაში 2012 წლამდე მისი კუთვნილი ბანკის „როსიისკი კრედიტის“ მეშვეობით იარაღის მიწოდების დაფინანსების გამო.
სარჩელში აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილმა 1993-1998 წლებში მოახდინა რუსული წარმოების იარაღის მიწოდება 790 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით ანგოლაში, სადაც მაშინ სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა და აკრძალული იყო იარაღის შეტანა. ამ ჩამონათვალში შედიოდა ტანკები, თვითმფრინავები, არტილერია და სხვა. აღნიშნულ საქმეზე შემდგომში დაპატიმრებული იქნენ პიერ ფალკონე, არკადი გაიდამაკი, საფრანგეთის ექს-პრეზიდენტის შვილი მიტერანი და სხვები. მოგვინებით რეზონანსულმა საქმემ მიიღო სახელწოდება „ანგოლაგეიტი“.
„ივანიშვილის მიმართ გამოძიებას დღემდე არ მიუღია გადაწყვეტილება, რადგან იგი გახდა ამ ქვეყნის მოქალაქე და სიმდიდრის გადასახადს იხდის საფრანგეთის ბიუჯეტში, რაც გვაფიქრებინებს, რომ ადგილი აქვს გარიგებას კონკრეტულ ფრანგულ სტრუქტურებსა და ივანიშვილს შორის, რომელიც იყო მთავარი მიმწოდებელი ამ იარაღის“, — ნათქვამია სარჩელის ტექსტში.
ივანიშვილის ბიზნეს-პარტნიორს არკადი გაიდამაკს საფრანგეთის სასამართლომ 2009 წელს დაუსწრებლად მიუსაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა ანგოლასთან იარაღის არალეგალური ვაჭრობისთვის.
მოგვიანებით საქმე სააპელაციო სასამართლომ განიხილა, რომელმაც დაუსწრებელი პატიმრობის ვადა 3 წლამდე შეამცირა. ხოლო 2015 წლის 24 ნოემბერს გაიდამაკი საფრანგეთის ხელისუფლებას ჩაბარდა თანამშრომლობის მიზნით.
გამოძიება ამტკიცებს, რომ 1993-1998 წლებში, როდესაც ანგოლაში სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა, არკადი გაიდამაკი სხვა ფრანგ ბიზნეს-პარტნიორებთან ერთად აწარმოებდა იარაღის მიწოდებას ამ აფრიკული ქვეყნისთვის პოსტსაბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან გაეროს სანქციების გვერდის ავლით. გარიგების საერთო ღირებულებამ 790 მილიონი დოლარი შეადგინა, წერს მასმედია.
საინფორმაციო საშუალებების მონაცემებით, სქემაში, რომლითაც გაიდამაკი და მისი პარტნიორები ახდენდნენ დაფინანსებას და იარაღის მიწოდებას, ფიგურირებდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ბანკი „როსიისკი კრედიტიც“.
კერძოდ, ანგოლის მაღალჩინოსანი სამხედროები მიღებული იარაღის სანაცვლოდ ფულს რიცხავდნენ საბანკო ანგარიშებზე, რომლებიც ოფშორულ ზონაში იყო რეგისტრირებული და საიდანაც შემდგომში თანხები „როსიისკი კრედიტის“ ანგარიშებზე ირიცხებოდა. ამის შემდეგ გაიდამაკს შეეძლო მათი განაღდება, ამტკიცებს გამოძიება.