თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისის“ ტერიტორიაზე, 23 ოქტომბერს, 03:30 საათზე უცხო პირები შეჭრას ცდილობდნენ. ნაპოვნია ერთ–ერთი თავდამსხმელის ცხედარი.
„რამდენიმე უცხო პირი არ დაემორჩილა განწესში მყოფი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას და თავს დაესხა მას, რის შემდეგაც გუშაგმა წესდებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა და ცენტრის ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტი აღკვეთა“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცენტრის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერებისას ერთ-ერთი თავდამსხმელის ცხედარი აღმოაჩინეს.
საქმეს იძიებს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით. გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით“). დანაშაული ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ხუთ წლამდე ვადით ან თავისუფლების აღკვეთით ორიდან ოთხ წლამდე ვადით.