მასზე სხვადასხვა ქვეყნის ხალხური სიმღერების ანსამბლები მსოფლიო და ქართული ფოლკლორის გამორჩეულ ნიმუშებს წარმოადგენენ. რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში ჩატარებულ საოჯახო ანსამბლების კონცერტზე მაყურებლის წინაშე საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოსულმა მომღერალმა ოჯახებმა საკუთარი კუთხის სასიმღერო რეპერტუარი და სიმღერაში ჩაღვრილი საოჯახო გენეტიკური ნიჭი გამოფინეს. დასაწყისისთვის კომენტარი საქართველოს ფოლკლორის სახელწიფო ცენტრის წარმომადგენელს, გივი აბესაძეს ვთხოვეთ:
-ბატონო გივი, რას იტყვით წლევანდელ სიმპოზიუმზე და მის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებებზე?
— შეგახსენებთ, რომ 2015-2016 წლებში ჩატარებულ ფესტივალებს ორგანიზაციას ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი უწევდა. რაც შეეხება წელს ჩატარებულ რიგით მერვე სიმპოზიუმს, მან წარმატებით ჩაიარა. მასში მონაწილეობა მსოფლიოს 22 ქვეყნიდან ჩამოსულმა 49 მეცნიერმა მიიღო. ამგვარ სიმპოზიუმებს ისეთი საღამოები, სადაც საოჯახო ანსამბლები გამოდიან, ყოველთვის ალამაზებს. რაც შეხება ქართულ ოჯახებს, წელს გამოვიდნენ: აჭარიდან-თურმანიძეები, ცინცაძეები და მალაყმაძეები, გურიიდან-გორდელაძეები, ბიძინაშვილები —კახეთიდან, ფილფანების მომღერალი ოჯახი სვანეთიდან, წარმოშობით ხევსური გოგოჭურები, თბილისიდან: დონაძეები, ვეშაპიძეები, მელაძეები და ურუშაძეები… მასზე მონაწილეობის მისაღებად ჩვენთან ფოლკლორის მოყვარული უცხოელებიც ჩამოვიდნენ. ისინი წარმოადგენენ როგორც თავიანთი ქვეყნის ფოლკლორს, ასევე ასრულებენ ქართულ ხალხურ სიმღერებსაც, რომლებიც უცხოეთში ასე პოპულარულია. სხვადასხვა ქვეყანაში უკვე რამდენიმე ანსამბლიც არსებობს, რომლის მომღერლებიც ჩვენს სიმღერებს დიდი მონდომებითა და სიყვარულით ასრულებენ. რაც მთავარია, ისინი ჩვენს კულტურასა და ქვეყანას აქტიურ პოპულარიზაციას უწევენ უცხოეთში.
სიმპოზიუმზე წარმოდგენილი საოჯახო ანსამბლებიდან გორდელაძეების, მალაყმაძეების, ვეშაპიძეებისა და ბიძინაშვილების გვარის წარმომადგენლებს, ასევე კანადური ტრიოს მომღერალს გავესაუბრეთ.
გიორგი გორდელაძე: ჩვენ ვართ გორდელაძეების საოჯახო ანსამბლი გურიიდან, კერძოდ ოზურგეთის რაიონის სოფელ ლიხაურიდან. საქართველოში ჩატარებულ ფესტივალებში აქტიურად ვმონაწილეობთ. ისტორიულად ცნობილია, რომ ჩვენი გვარიდან წამოსული ადამიანები ხმლის მკეთებელი აზნაურები ვიყავით. ადრე ფესტივალებზე გამოვდიოდით, ახლა უკვე გამოვდივართ სიმპოზიუმზეც, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მასში მონაწილეობის მისაღებად როგორც საქართველოს სხვადასხვა მხარიდან, ასევე უცხოეთიდან ბევრი სტუმარი ჩამოდის. მათ მიერ ნამღერი ხალხური სიმღერების საშუალებით ერთმანეთის კულტურასა და ტრადიციას, შეიძლება ითქვას, ხასიათსაც ვეცნობით.
- თუ არის ცნობილი, როდიდანაა დაფიქსირებული თქვენი გვარი, როგორც ხალხური სიმღერების მოყვარული და შემსრულებელი?
— ჩემთვის ცნობილია, რომ ლიხაურში რამდენიმე სპეციალური ექსპედიციაა დაფიქსირებული, მათ შორის გამოვყოფდი 1964 წელს ჩატარებულს, როცა ჩვენთან პროფესორი ოთარ ჩიჯავაძე იყო ჩამოსული და მის მიერ ჩაწერილ მასალებში ჩვენი გვარის მიერ შესრულებული სიმღერებია შესული. სცენზე აქტიურად 2008 წლიდან გამოვჩნდით. მანამდე კი მხოლოდ საოჯახო შეკრებების დროს და სუფრაზე ვმღეროდით. ზოგადად მომღერლებისთვის პრობლემა ერთად შეკრებაა, ჩვენთვის კი რახან ერთი ოჯახის წევრები ვართ, რეპეტიციები პრობლემას არ წარმოადგენს.
-შეგიძლიათ მითხრათ, გურული სიმღერები სხვა კუთხის სიმღერებისგან რით განსხვავდება?
— ჯერ იმას გეტყვით, რომ გურიაში თითქმის ყოველი მესამე ოჯახი მღერის. ჩვენი კუთხის ხალხურ სიმღერებში გურული ხასიათი კარგად ჩანს. პირველ რიგში იმით, რომ ისინი სხარტ შესრულებას მოითხოვს, შეიძლება ითქვას, რომ გურულ „მაკვარანცხობასაც“ კი. გურულებს გვაქვს ბევრი ისეთი სიმღერა, რომელიც განსაკუთრებული განწყობისა და იუმორის გარეშე არ იმღერება. ასეთია სახუმარო სიმღერები, მაგალითად „ყარანაი ყანაში“, რომელიც იუმორისა და განწყობის გარეშე არ იმღერება. ასე რომ, გურიაში ცხოვრებას ადამიანებს ჩვენი სიმღერა და იუმორი გვიადვილებს.
ემზარ მალაყმაძე აჭარიდან: ჩვენ, მალაყმაძეები გახლავართ მაჭახლის ხეობიდან. ჩვენს საოჯახო ანსამბლში მღერის: მამა, დედა და ორი ვაჟიშვილი. ჩემი მეუღლე, ცირა ხიჭინაძე, უფროსი ვაჟი, გურამ მალაყმაძე და უმცროსი, მათე მალაყმაძე. მაჭახლიდან თბილისში იმიტომ ჩამოვედით, რომ ჩვენი კუთხის ფოლკლორი წარმოვაჩინოთ. მარტო სცენაზე კი არა, ოჯახშიც ვმღერით, სიმღერას დიდი ძალა აქვს და ამას ყოველთვის ვგრძნობთ ხოლმე.
-ვინ იყო ის, ვისგანაც თქვენს ოჯახში სიმღერების ტრადიცია წამოვიდა?
— მამაჩემი იყო კულტურის სახლის დირექტორი და ბავშვობიდან მახსოვს, სულ კონცერტებზე დავდიოდი. იქ ვისმენდი და ვსწავლობდი სიმღერებს, მერე, ჩემს შვილებსაც ვასწავლე. მიხარია, რომ სიმღერა მათაც ძალიან უყვართ. უფროსი ვაჟი მუსიკალურ სასწავლებელშია, უმცროსი კი წელს შევიდა სკოლაში და უკვე უკრავს სხვადასხვა ინსტრუმენტებზე: დოლზე, სალამურზე, ფორტეპიანოზეც დადის და ცეკვით ხომ ისედაც კარგად ცეკვავს და ცეკვავს.
ლევან ვეშაპიძე, ფოლკლორისტი: მე ვეშაპიძეების ოჯახს წარმოვადგენ თბილისიდან. თვითონ იმერელი ვარ, ჩემი მეუღლე სვანია. დამეთანხმებით, საოცარი ტანდემია, არა? ჩვენი ბავშვებიც შესაბამისად ნახევრად იმერლები და ნახევრად-სვანები არიან.
-სცენაზე გამოსვლის სურვილი და ამბიცია როდის გაჩნდა?
— იცით, ვიწრო სალონურ წრეებში საზოგადოების წინაშე ხშირად გამოვსულვართ, რამდენიმეჯერ ტელევიზიაშიც გადაგვიღეს. რადგან ეს ჩვენი ცხოვრების საქმეა, მას პროფესიონალური კუთხით ვუდგებით, სახლში მუდმივად გავდივართ რეპეტიციებს. იმის გამო, რომ კარგად ვმღერით, ჩვენთან სტუმრობაც და ჩვენი სტუმრად წასვლაც ერთნაირად სასურველი და სასიამოვნოა- ამას ხშირად გვეუბნებიან ჩვენი მეგობრები და ახლობლები და ეს ფაქტი ჩვენც ძალიან გვეამაყება.
ბექა ბიძინაშვილი: ჩვენ ვართ ბიძინაშვილების ოჯახი კახეთიდან. ჩვენს ანსამბლშია: მამა, შვილები და ოჯახის ნათლია. ძალიან გვიყვარს ერთმანეთი, ქართული ხალხური სიმღერა და იმიტომ ჩამოვედით აქ, რომ სცენაზე შევასრულოთ ისინი.
-რითი განსხვავდება კახური სიმღერები სხვა კუთხის სიმღერებისგან?
— რა თქმა უნდა ხასიათით განსხვავდება. როგორი ხასიათიც კახელებს გვაქვს ისეთივე ჩვენი სიმღერები: დინჯი, პირდაპირი, სიღრმე რომ აქვს თავისი…
- თქვენი საყვარელი საოჯახო, ასე ვთქვათ, სავიზიტო სიმღერა რომელია?
— ყველა საყვარელია, მაგრამ ერთს მაინც გამოვარჩევდი — ესაა კახური მრავალჟამიერი, აქ ჩვენი ხასიათიც ჩანს, ჩვენი სიბრძნეცა და ცხოვრების წესიც კი…
კანადური ტრიოს სოლისტი, ენდი კუზმიჩი ქართველების რძალია, რომელიც როგორც კანადურ, ასევე ქართულ ფოლკლორს ერთნაირად პროფესიონალურად ასრულებს. ამჟამად თბილისში მეუღლის, ასევე ხალხური სიმღერების შემსრულებლის, შალვა მახარაშვილის გარეშე იყო ჩამოსული და ქართულ და კანადურ ფოლკლორს სცენაზე თავის 8 წლის ვაჟთან ერთად მღეროდა.
ენდი კუზმიჩი: საქართველოში ჩამოსვლა ყოველთვის მიხარია. ჩვენ მუსიკალური ოჯახი ვართ და ხალხური სიმღერები ყველას გვიყვარს. ჩემი მეუღლე, შალვა მახარაშვილი პროფესიონალი მომღერალია, ის ანსამბლ „ჰერეთში“ მღეროდა. კანადაში 2002 წელს ჩამოვიდა და ტრიო ჩამოაყალიბა. როცა ერთმანეთი გავიცანით, ისე გამოვიდა, რომ მუსიკის სიყვარულმა ერთმანეთს დაგვაახლოვა. მერე ბუნებრივად სიყვარული გვეწვია და დავქორწინდით. ორი ვაჟი შეგვეძინა: უფროსი ვაჟი, 14 წლისაა, უმცროსი, გაბრიელი 8 წლისაა და ქართულ სიმღერებს სცენაზე ჩვენთან ერთად ასრულებს. მე ქართულად არ ვლაპარაკობ, მაგრამ სიმღერით თითქმის ყველა კუთხის სიმღერებს ვასრულებ, მათ შორის ქართულსაც. ამ საოცარი სიმღერების სახით თქვენ ძვირფასი საგანძური გაქვთ…