თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ოთხ საარჩევნო უბანში ამომრჩევლის აქტიურობა დილიდან საკმაოდ მაღალია. კენჭისყრა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
გამეორებითი არჩევნები მიმდინარეობს ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარის №79 და №108, სოფელ განმუხურის №39 უბნებზე პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით და მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოს №48 უბანზე – მხოლოდ მაჟორიტარული სისტემით.
„12:00 სთ-ის მდგომარეობით მარნეულის მუნიციპალიტეტის №48-ე საარჩევნო უბანზე 296 ამომრჩეველი გამოცხადდა, რაც აღნიშნულ უბანზე რეგისტრირებული ამომრჩევლების 20.6%-ია, ხოლო ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სამივე უბანზე ჯამში 525 ამომრჩეველი გამოცხადდა, რაც ამ უბნებზე რეგისტრირებული ამომრჩევლების 18.46%-ია“, – განაცხადა ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე.
მარნეულის მუნიციპალიტეტის №48-ე საარჩევნო უბანზე 7 საჩივარი დაიწერა, რომლებიც შეეხება მცირედ პროცედურულ ხარვეზებს. ასევე, ერთი საჩივარია ზუგდიდის რაიონის სამი საარჩევნო უბნიდან. ყველა საჩივარი დაკმაყოფილდა, აღნიშნა მიქელაძემ.
ზუგდიდის საარჩევნო ოლქში 2 ათას 251 ამომრჩეველია, ხოლო მარნეულის – 1 ათას 436.
პროპორციული სისტემით არჩევნებში მონაწილეობს 19 პარტია და 6 საარჩევნო ბლოკი.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბერს ჩატარდა. გამეორებითი არჩევნები სერიოზული დარღვევების გამო გახდა აუცილებელი. ყიზილაჯლოს საარჩევნო უბანზე არჩევნები საარჩევნო უბნის მიმდებარედ არეულობის გამო შეწყდა, ხოლო ჯიხაშკარისა და განმუხურის უბნები ხმების დათვლის დროს დაარბიეს.