თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირმა Русский клуб („რუსული კლუბი“) მორიგი წიგნი გამოსცა სერიიდან Русские в Грузии („რუსები საქართველოში“). ახალი გამოცემა ქართული წარმოშობის მოსკოველ პოეტს სერგეი სურგუჩევ-თაყაიშვილსა და მისი წარჩინებული გვარის ისტორიას ეძღვნება.
წიგნის Грузинские корни, русская крона ავტორია თბილისში მცხოვრები ფილოლოგი, ლიტერატურათმცოდნე, ჟურნალისტი და საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი ნინო ზარდალიშვილი-შადური.
წიგნის მთავარ მიზანზე, რომლის პრეზენტაცია გრიბოედოვის სახელობის თბილისის რუსულ სახელმწიფო თეატრში 23 ოქტომბერს გაიმართება, პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს პოეტის დედამ სვეტლანა სურგუჩევამ უამბო.
„ამ წიგნის მთავარი მიზანია, აჩვენოს საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული მჭიდრო კავშირი. დღეს ეს კავშირი გრძელდება და ეს, მათ შორის, გამოიხატება იმაშიც, რომ საქართველოში გამოიცა წიგნი სერგეი სურგუჩევ-თაყაიშვილზე. სერგეი მოსკოვში ცხოვრობდა. მოსკოველი პოეტი იყო, მაგრამ საქართველოსთან საოცარი კავშირი ჰქონდა“, — განუცხადა Sputnik-ს სურგუჩევამ.
საღამოზე სერგეი სურგუჩევ-თაყაიშვილის ლექსებს წაიკითხავენ გრიბოედოვის თეატრის მსახიობები, ხოლო პოეტის ლექსებზე შექმნილ სიმღერებს მოსკოველი მომღერალი, კომპოზიტორი, მსახიობი ვლადიმირ ბრილევი შეასრულებს.
ბრილევმა აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში გამოვა მისი დისკი, რომელშიც სერგეის ტექსტზე დაწერილი სიმღერები იქნება წარმოდგენილი.
პრესკონფერენციაზე აღინიშნა, რომ წიგნში დიდი ნაწილი მოსკოველი პოეტის წარმომავლობას ეძღვნება. მის წინაპართა შორის არიან წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი (თაყაიშვილი), დიდი მსახიობი სესილია თაყაიშვილი, რეჟისორი ალექსანდრე თაყაიშვილი და მისი მეუღლე ბელა ბელეცკაია, კინორეჟისორი ალექსანდრე წუწუნავა, მსახიობი ცეცილია წუწუნავა, „სუხიშვილების“ სოლისტი ილიკო თაყაიშვილი, მედიცინის დოქტორი დავით ხაზარაძე, მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი ნანა ხაზარაძე და სხვები.
სერიით Русские в Грузии უკვე გამოიცა ტოლსტოის, მაიაკოვსკის, პასტერნაკის, მანდელშტამისა და სხვათა ცხოვრებისადმი მიძღვნილი წიგნები.
სერგეი სურგუჩევ-თაყაიშვილი (1957-2010) მოსკოვში დაიბადა და ცხოვრობდა. ლექსების წერა ცხოვრების ბოლო წლებში დაიწყო. მანამდე მუშაობდა თეატრში, გამომცემლობაში, მძღოლადაც კი. როდესაც ცნობილმა რუსმა პოეტმა ბელა ახმადულინამ მისი ლექსები მოისმინა, თქვა: „ეს ლექსები არ არის, ეს პოეზიაა!“