თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სავალუტო ჯიხურზე ყაჩაღური თავდასხმის მომზადების ბრალდებით აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს, იუწყება საქართველოს შსს-ს პრეს-სამსახური.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული საქართველოში აზერბაიჯანიდან ჩამოვიდა, რუსთავის ერთ-ერთ სასტუმროში დაბინავდა და ბათუმში მდებარე სავალუტო ჯიხურზე თავდასხმა დაგეგმა.
დაკავებულის პირადი ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად „ეკოლის“ მოდელის პისტოლეტი ამოიღეს. ბრალდებულმა დანაშაული აღიარა.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით „ყაჩაღობის მომზადება“, რაც 5-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.