თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. დასრულდა 7,2-კილომეტრიანი გზის რემონტი, რომელიც საფარის მონასტერს ახალციხესთან აკავშირებს.
გზის მშენებლობა, რომელიც მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა, ვადამდე დასრულდა, აღნიშნულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაში.
პროექტი, რომლის ღირებულებაც 3 349 000 ლარია, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. სარემონტო სამუშაოები სამცხე-ჯავახეთის ტურისტული პოტენციალის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.
მონასტრამდე აქამდე გრუნტის გზა მიდიოდა, რომელიც წვიმიან ამინდში იმდენად ტალახდებოდა, რომ ძეგლთან მისვლა არა თუ ტრანსპორტით, ფეხითაც კი შეუძლებელი ხდებოდა. ამიერიდან ეს პრობლემა მოგვარებულია.
სამშენებლო სამუშაოების წყალობით ახალციხიდან მონასტრამდე მისვლა სამონასტრო კომპლექსში მცხოვრებ ბერებს, მრევლსა და ტურისტებს 30 წუთის ნაცვლად უკვე 10 წუთში შეუძლიათ.
პროექტის ფარგლებში სარეაბილიტაციო მონაკვეთზე დაიგო ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყო ბეტონის პარაპეტები და ლითონის თვალამრიდები, ჩატარდა გზის მონიშვნის სამუშაოები.
საფარის მონასტერი სხვადასხვა დროს აგებული რამდენიმე ნაგებობისგან შედგება. მათგან ყველაზე ძველი არაუგვიანეს მე-10 საუკუნეშია აგებული.