თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. მწერალმა გრიგორი ჩხარტიშვილმა, რომელსაც საზოგადოება ბორის აკუნინის ფსევდონიმით იცნობს, Sputnik-საქართველოს აცნობა, რომ ახალი ნაწარმოებისთვის ლოკაციას არჩევს და არ გამორიცხა, რომ ერასტ ფანდორინ ახალი თავგადასავლები საქართველოში შეამთხვიოს.
ბორის აკუნინი, იგივე გრიგორი ჩხარტიშვილი გუშინ თბილისის ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მკითხველებს შეხვდა.
„მაქვს ერთი იდეა, რომელიც ერთ ნაწარმოებს შეეხება. უნდა მოვინახულო რაღაც ადგილები, გადავამოწმო, შეესაბამება თუ არა ისინი ჩემ მოთხოვნებს. ყოველთვის ასე ვმუშაობ: ადგილზე უნდა ჩავიდე და შევიგრძნო ის…თუ ლოკაცია ისეთი გამოდგება, როგორსაც ველი, მაშინ ერასტ ფანდორინს საქართველოშიც გადახდება თავგადასავალი“, — თქვა მწერალმა.
თხოვნაზე, გაეცნო მომავალი ნაწარმოების ზოგი დეტალი, გრიგორი ჩხარტიშვილმა უარი განაცხადა და თქვა, რომ „ცრუმორწმუნეა“ და არ სურს ახალ ისტორიაზე წინასწარ ლაპარაკი.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოსთან აქამდე მხოლოდ ის აკავშირებდა, რომ 1956 წელს ზესტაფონში დაიბადა, ერთი თვისა რომ შესრულებულა, ოჯახი მოსკოვში გადასულა საცხოვრებლად.
„ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ რომელიღაც ახალ ქვეყანაში ჩამოვედი. საერთოდ კი, უნდა ვთქვა, რომ საქართველო, მიუხედავად თავისი სიძველისა, ახალი ქვეყნის შთაბეჭდილებას ტოვებს და ეს პირველივე ნაბიჯებიდან იგრძნობა — პირდაპირ აეროპორტშივე. ეს ძალიან საინტერესო კომბინაციაა რაღაც ძალიან ძველისა და იმავდროულად, ახლისა — რაღაც ახალი ენერგეტიკის ახალგაზრდა სახელმწიფოსი. ამაში ჯერ კიდევ ვერ გავერკვიე კარგად და უცნაურად ვგრძნობ თავს — არა ისე, როგორც სხვა ქვეყანაში ჩასვლისას ვგრძნობ ხოლმე. იმიტომ რომ, ერთი მხრივ, ძალიან ცოტა რამ ვიცი საქართველოს შესახებ, მეორე მხრივ, საქართველო ჩემთვის უცხო ქვეყანა არ არის და სულში უცნაური, გაუგებარი გრძნობები მიფუთფუთებს“.
შეხვედრის მოდერატორ მაია ჯაგის შეკითხვაზე, საიდან გაჩნდა ფსევდონიმი „ბორის აკუნინი“, მწერალმა უპასუხა:
„აკუნინ“ იაპონურად „ცუდ ბიჭს“ ნიშნავს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თავს ასეთად მივიჩნევ, უბრალოდ, მაინტერესებს ბოროტებისა და ცუდი ბიჭების ფენომენი“.
შეხვედრის ბოლოს მწერალს ილიას უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭეს. ჯილდო ჩხარტიშვილს რექტორმა გიგა ზედანიამ გადასცა.
„ეს სავსებით დაუმსახურებელი პატივია. სანამ საქართველოში მოვფრინავდი, ქართული ანბანი ვისწავლე. ამიტომ, ყველაზე ბევრი, რაზეც საქართველოში პრეტენზია შეიძლება მქონდეს — ეს საპატიო პირველკლასელის წოდებაა“, — იხუმრა გრიგორი ჩხარტიშვილმა.