ვერიკო ტუხაშვილი: მაინცდამაინც შაქარივით ხასიათი არ მაქვს

© Личный архив Верико Тухашвилиვერიკო ტუხაშვილი
ვერიკო ტუხაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული წარმოშობის მოსკოველი გოგონა პროექტ „გოლოსის“ მონაწილეა. Sputnik-საქართველო დაუკავშირდა მას და ექსკლუზიური ინტერვიუ ჩამოართვა.

— ვერიკო, გილოცავთ „გოლოსში“ წარმატებულ გამოსვლას.

— დიდი მადლობა. საქართველოდან მიღებული მოლოცვა განსაკუთრებით მახარებს.

— გვიამბე ცოტა რამ საკუთარ თავზე.

— მოსკოვში დავიბადე, გავიზარდე და ვცხოვრობ დღემდე. ჩვილობიდან ვმღერი, მაგრამ პროფესიულად მომზადება 12 წლიდან დავიწყე. ლაღი ბავშვობა მქონდა, მხიარული და უდარდელი, მშობლები უარს არაფერზე მეუბნებოდნენ, მანებივრებდნენ — თუმცა ზომიერად. ვსწავლობ გნესინების სახელობის მუსიკალურ აკადემიაში. ძალიან მეხალისება სწავლა და რაც მთავარია, მაინტერესებს. მთელი დღეები ვმღერით და ვუკრავთ. ეს ჩემთვის ბედნიერებაა.

© პირადი არქივივერიკო ტუხაშვილი
ვერიკო ტუხაშვილი - Sputnik საქართველო
ვერიკო ტუხაშვილი

— როგორ მოხვდით აკადემიაში?

— სრულიად შემთხვევით. ერთ დღეს მივხვდი, რომ მუსიკის გარდა სხვა არაფერი მაინტერესებდა. სწორედ მაშინ მირჩია დედაჩემის მეგობარმა „გნესინკაში“ მეცადა ბედი — მისი ვაჟიც იქ სწავლობდა. მეც ვცადე და ასიდან 95 ქულა ავიღე გამოცდაზე.

— ქართულ ცეკვასაც სწავლობდი, როგორც ვიცი.

— რვა წელი დავდიოდი ქართულ ცეკვაზე — ანსამბლ „კავკასიონით“ დავიწყე და „არგოთი“ განვაგრძე.

— რომელი ცეკვა გიყვარს ყველაზე მეტად?

— ძალიან მიყვარს „ლაზური“.

— „გოლოსში“ დიმა ბილანთან მოხვდი. კმაყოფილი ხარ?

— კი. მარტო დიმა შემობრუნდა ჩემკენ და ძალიან მიხარია. უკვე გვქონდა რეპეტიცია და შემდეგი ტურისთვის ვემზადები. ძალიან მომწონს ატმოსფერო და მინდა, რომ ეს ყველაფერი რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს.

— როგორ მოგწონს მეორე ქართველი კონკურსანტი თორნიკე კვიტატიანი?

— მაგარი „პრიკოლისტია“. ცოტა ხნის წინ ერთად ვიმღერეთ მოსკოვში გამართულ „თბილისობაზე“. ძალიან ნიჭიერი და კეთილი ადამიანია.

— როგორი ხასიათი გაქვს?

— მაინცდამაინც შაქარივით ხასიათი არ მაქვს, მაგრამ მალე ვმშვიდდები ხოლმე.

— ბოიფრენდი გყავს?

— არა, მაგისთვის ჯერ არ მცალია.

— საქართველოში ჩამოდიხარ ხოლმე?

— ჩემს უსაყვარლეს საქართველოში ყოველ წელს ჩამოვდივარ, ზაფხულს ბებიებთან და ბაბუებთან ვატარებ ხან რუსთავში, ხან ზუგდიდში და ხანაც თბილისში. მიყვარს ნათესავებთან ყოფნა. აგვისტოს ბოლოს კი ისევ მოსკოვში ვბრუნდები ხოლმე.

ყველა ახალი ამბავი
0