კითხულობს ბევრს და ყველაფერზე, რაც სერიოზულად აინტერესებს. არქიტექტურას სერიოზულად და საფუძვლიანად სწავლობს. სამომავლოდ არ არის გამორიცხული, რომ მშენებლობის კვლევის კუთხით მის გეგმებში თბილისიც შევიდეს. გერმანიაში ელენე მეუღლესა და შვილთან ერთად ცხოვრობს.
- ელენე, როგორ მოხვდით გერმანიში და კერძოდ დრეზდენის უნივერსიტეტში?
— ოთხი წლის წინ ჩემმა მეუღლემ მიიღო სტიპენდია, რომლითაც გერმანიაში წამოვედით. სამწუხაროდ გერმანული ენა მაშინ საერთოდ არ ვიცოდი. ჩვენი შვილი, ანა, ორწლინახევრის იყო, მისთვის ბაღში ადგილი ძნელად ვიშოვეთ და ეს პროცესი 8 თვე გაგრძელდა. დრეზდენში ყველაზე მაღალია შობადობა, ამიტომ იქ საბავშვო ბაღში ადგილის პოვნა ძნელია. ანამ და მე გერმანული ენა ერთდროულად ვისწავლეთ, მე ენის კურსებზე დავდიოდი, სახლშიც ბევრს ვმუშაობდი. დრეზდენში, ხელოვნების ისტორიის ფაკულტეტზე ადგილების რაოდენობა ყოველთვის შეზღუდულია, ამიტომ თანხმობა რომ მომსვლოდა, კარგი შედეგები უნდა მეჩვენებინა. საქართველოში ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტი დავამთავრე, ჯავახიშვილში- ბაკალავრიატი და მაგისტრატურა. იქ ლექციებს გამორჩეული პროფესორები მიკითხავდნენ: რევაზ სირაძე, გრივერ ფარულავა, ლეო ანთაძე, ლევან ბრეგაძე, თინათინ ბოლქვაძე და ა.შ. მაგრამ სამწუხაროდ ეს არ იყო ჩემი სპეციალობა. ფილოლოგობიდან მხოლოდ კითხვა მიტაცებდა, ეს კი, ჩემი აზრით უფრო მეტია, ვიდრე წიგნის კითხვის სიყვარული.
- დრეზდენის უნივერსიტეტში სწავლის დროს რა მომენტებს გამოარჩევდით?
— რა თქმა უნდა აქ ყველა ლექტორი საუბრობს მაღალი სტილის გერმანულით, მაგრამ ძალიან გასაგებად. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებმა ნამდვილი ცოდნა მიიღონ. აქაური ლექციების სტილი და ხარისხი ჯავახიშვილში სწავლისას თინათინ ბოლქვაძის ლექციებს მაგონებს. ჩემი მოხსენება ფლორენციაში იყო მიქელანჯელოს მიერ შექმნილი ბიბლიოთეკა მედიჩი ლაურენციანას შესახებ, რომელიც სან ლორენოცოს კომპლექსში მდებარეობს. დრეზდენის უნივერსიტეტისა და დრეზდენის ხელოვნების აკადემიის (ხელოვნების აკადემიაში არ ისწავლება ხელოვნებათმცოდნეობა, მხოლოდ ფერწერა, რესტავრირება და ა.შ.) ორგანიზებით პირველივე სემესტრში ჩატარდა საჯარო ლექციათა კურსი, რომლებსაც სხვადასხვა ქალაქებიდან და ქვეყნებიდან ჩამოსული პროფესორები კითხულობდნენ. შუასაუკუნეების კათედრის ხელმძღვანელმა, ჰეინრიკ კარგემ წაიკითხა ლექცია შუასაუკუნეების არქიტექტურაზე, როგორც იმ დროინდელი ლეგენდებისა და ისტორიების გამომსახველ ხელოვნებაზე. სანტიაგო დე კომპოსტელა და მასთან დაკავშირებული ქრისტიანული თქმულება იაკობ მოციქულზე, პარალელები "ბეჭდების მბრძანებელსა" მასში გამოყენებულ არქიტექტურასა და სამხრეთ საფრანგეთის არქიტექტურას შორის. ეს იყო საოცრად მრავლისმომცველი, იუმორით სავსე ლექცია. პირველივე დღეს, ფაკულტეტის შეხვედრაზე პროფესორმა ჰეინრიკ კარგემ გაგვაფრთხილა, რომ სამსახურის შოვნა დრეზდენში შეუძლებელია, სანამ სხვაგან გამოცდილებას არ დააგროვებთო, რადგან ხელოვნებათმცოდნეებისთვის ეს ქალაქი ძალიან ატრაქტიულია. აუგუსტ ძლიერის განსაკუთრებულმა სიყვარულმა ხელოვნების მიმართ განაპირობა ის, რომ დრეზდენი ხელოვნებით ასეთი მრავალფეროვანი და მდიდარია: ბაროკოს, კლასიციზმისა და ნეო რენესანსის არქიტექტურა გინდა თუ ფერწერა. მოკლედ ეს იცით რას ნიშნავს? ფაქტობრივად სწავლობ იმას, რასთან ერთადაც ცხოვრობ.
-ელენე, რა არსობრივი განსხვავებაა საქართველოში და გერმანიაში სტუდენტობას შორის…
— საქართველოში ყველა წიგნი სახლში მქონდა, რაც მჭირდებოდა,- ეს ხუმრობით. აქ როგორც ყველა სტუდენტი, დროის ძირითად ნაწილს მეც ბიბლიოთეკაში ვატარებ. აქ ყველა პირობაა იმისთვის, რომ თავი კომფორტულად იგრძნო. სტუდენტები გაპრანჭულები არ დადიან, არაა მაგდენი დრო. ყველა ერთნაირადაა: კედები, ჯინსები და ველოსიპედი. ძირითადად დავდივართ გამოფენებზე, რომელიც ჩვენთვის უფასოა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დავიწყე სკოლა-კომპლექს "სადუნში", რასაც ჩემთვის დაუვიწყარი მოგონებების დიდი ნაწილი უკავშირდება. საქართველოში, სკოლაში ქართული ლიტერატურის ისეთ მცოდნესა და მოტრფიალესთან ერთად ვმუშაობდი, როგორიცაა, ბატონი თამაზ ტყემალაძე და მოგვიანებით, ბატონი ვალერი ასათიანი. ერთი წლის მუშაობის შემდეგ ჩემმა დირექტორმა, ქალბატონმა მარინა ცინცაძემ, რომელსაც ადამიანებში მათი მისწრაფებების დანახვის არაჩვეულებრივი ნიჭი ჰქონდა, მე "წიგნის მოყვარულთა“ კლუბი ჩამაბარა. აი, ეს მართლაც ის იყო, რაც მეხალისებოდა. სკოლაში სადაც ვასწავლიდი: წიგნებს ვკითხულობდით, ფილმებს ვუყურებდით და ამა თუ იმ საკითხზე დისკუსიას ვმართავდით. მინდოდა ჩემს მოსწავლეებს კითხვა შეყვარებოდათ, ეს იყო ჩემი მთავარი მიზანი.
- დღეს თქვენ სწავლობთ ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე ქალაქში, რომელიც ხელოვნების, ისტორიისა და მითების ქალაქადაა ცნობილი, როგორია ამ ქალაქში ცხოვრება?
— როცა ქალაქებს, მოედნებს, ტაძრებს, სასახლეებს უყურებ- აღგაფრთოვანებს მათი მშვენიერება, მაგრამ თუ არ იცი, ვერ მიხვდები, რატომ უკეთებს ანდრია პალადიო ოთხ ერთნაირ ფასადს და გუმბათს ვილა როტონდას, ან რატომ აქვთ იტალიასა და საფრანგეთში პიაცა დე პოპოლოდან მოყოლებული მოედნებიდან გასულ გზებს სხივური ფორმა, ან რატომაა ვენის ყველა რეპრეზენტატიული ნაგებობა ძველი, შიდაქალაქის გარშემო, წრის მსგავსად განლაგებული და ა.შ.
-არქიტექტურას სერიოზულად და საფუძვლიანად სწავლობთ და ერთ საინტერესო თემას სპეციალური მოხსენებაც კი მიუძღვენით…
— ჩემი კვლევის საგანი სავარაუდოდ ევროპული არქიტექტურა და ქალაქების მშენებლობა იქნება- ქართულთან შედარებით. როცა მოხსენებას აკეთებ, აუცილებელია, რომ 10 წყარო მაინც გამოიყენო, იმდენად დიდია გერმანულენოვანი ლიტერატურა. ჩვენ სამწუხაროდ ამ კუთხითაც ძალიან გვიჭირს. სამომავლოდ, ვაპირებ ბევრი საჭირო ლიტერატურა, რომელიც ჯერ არ გვაქვს, ქართულად ვთარგმნო და ამით მომავალ თაობას სწავლის საინტერესო პროცესი გავუადვილო.
- ელენე, თქვენი მეუღლეც სტუდენტია და თქვენ 6 წლის შვილი გყავთ, როგორია ქართული ოჯახის გერმანული ყოფა-ცხოვრება?
— დრეზდენში ქართველი მეგობრები სამწუხაროდ არ გვყავს, ყველა გერმანელია, ჩემს კურსზეც და ჩვენს სამეგობროშიც. თავისუფალ დროს ძირითადად ანას მეგობრებთან და მათ მშობლებთან ერთად ვატარებთ, ბავშვები საქსონიურ შვეიცარიაში, ხან სხვადასხვა ქალაქებში სალაშქროდ დაგვყავს, ლაიფციგში ძალიან კარგი ზოოპარკია. ხან ანა რჩება მეგობრებთან, ხან ისინი რჩებიან ანასთან. მე მისი მეგობრების დედის მეჯვარე ვარ და მათთან ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს. მე და ანა გალერეებს ხშირად ვსტუმრობთ. ის ძალიან საინტერესო მოსაუბრეა და ბევრ სასაცილოს ამბობს ხოლმე, განსაკუთრებით თანამედროვე ხელოვნებაზე, რომელიც არ ხიბლავს, მას უფრო გერმანული რომანტიზმი და ზოგადად იმპრესიონიზმი და ექსპრესიონიზმი მოსწონს. რენესანსის სიშიშვლე კი არ ესმის. საჭმელს რაც შეეხება, მას ძირითადად სახლში ვამზადებ და ბოლო დროს ანაც სიამოვნებით მეხმარება. ის კვირაში ერთხელ, უკვე სამი წელია, რაც საბალეტო სკოლას სტუმრობს. სკოლაში აგვისტოში მივიდა და ცდილობს ყველგან და ყველაფერი წაიკითხოს. ძალიან დამოუკიდებელია. მიუხედავად იმისა, რომ აქ ბევრი მეგობარი ჰყავს, საქართველო გამუდმებით ენატრება. სულ კითხულობს ოჯახის წევრებს: პაპებს, ბებოს, ბიძებს, დეიდებს, დეიდაშვილებს და ა. შ. უყვარს მჭადი და ლია ბებოს გაკეთებული ხინკალი. სულ ამბობს, რომ დიდი ოჯახი გვაქვს და ჩემი და გიოს ოჯახიდან ყველას ჩამოთვლის ხოლმე. ბოლო დროს საქართველოში ჩამოსვლა ვერ მოვახერხეთ, რაზეც ანა ყოველ დღე წუხს…