თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. მიმდინარე სეზონის დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალს ამჯერად ზესტაფონი უმასპინძლებს, იუწყება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი.
ეს გადაწყვეტილება დამტკიცებული პროგრამის შესაბამისად მიიღეს, რომლის ფარგლებში ქართული ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანი მატჩები არა მხოლოდ თბილისში, არამედ ქვეყნის სხვა ქალაქებშიც გაიმართება.
პირველი პრეცედენტი გასულ სეზონში დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშება გახდა. მაშინ საქართველოს თასი პირველად გათამაშდა ქუთაისში. თბილისის „დინამო“ მაშინ მეცამეტედ გახდა თასის მფლობელი.
ოთხშაბათს, 19 ოქტომბერს ტურნირის ¼ ფინალი გაიმართება. გუნდები ასე გადანაწილდნენ:
„მერანი“ (მარტვილი) – „კოლხეთი (ფოთი)
„ჩიხურა“ (საჩხერე) – „სამტრედია“
„დინამო“ (თბილისი) – „ლოკომოტივი“ (თბილისი)
„სულორი“ (ვანი) – „ტორპედო“ (ქუთაისი)