ვინ იჯდა „ძველი ვოდევილების“ პრემიერაზე პარტერის წინ „ჩაკვეხებულ“ 11 სკამზე

გამოწერა
ხშირად ისე ხდება, რომ საკუთარი გვარი შენს ცხოვრებასა და მომავალს წინასწარ და შენ გარეშე დაგეგმავს და განსაზღვრავს. ჩემს დღევანდელ რესპონდენტს დიდი წინაპრისგან მემკვიდრეობით ორი რამ ერგო: ნიჭი და გარეგნობა. ქალბატონი ნელი გოძიაშვილი ცნობილი მსახიობის ვასო გოძიაშვილის შთამომავალია და მასზე გასახსენებელიც ბევრი აქვს.

— ქალბატონო ნელი, ბუნებრივია, თქვენი გვარის წარმოთქმის დროს ყოველთვის ჩნდება ხოლმე კითხვა – ვასო გოძიაშვილის ნათესავი ხომ არ ხართ?

— დიახ, ამ კითხვას, ვინ იყო ვასო გოძიაშვილი ჩემი, უკვე მივეჩვიე, რადგან მართლაც ხშირად მისვამენ. ვასო იყო ჩემი ბაბუას ძმა, ანუ მე ვარ მისი ძმის შვილიშვილი, სისხლით და ხორცით ნათესავი. სხვათა შორის, ჩემს ბაბუასაც თეატრალური ინსტიტუტი ჰქონდა დამთავრებული, ის ცირკის დირექტორი იყო. მე ორივე ბაბუას შემთხვევაში ამაყი ვიყავი და ვარ. ვასომ თეატრი და კინო შემაყვარა, ბაბუამ — ცხოველები. სულ გვთხოვდა, პაპა დამიძახეთო, რადგან ეს უფრო ლიტერატურულიაო, ამიტომ ყველა შვილიშვილი მას ვასო პაპას ვეძახდით.

© photo: courtesy of Nelli Godsiashviliნელი გოძიაშვილი სტუდენტობისას
ნელი გოძიაშვილი სტუდენტობისას - Sputnik საქართველო
ნელი გოძიაშვილი სტუდენტობისას

ვასო ბუმბერაზი მსახიობი იყო და სცენაზე სიცოცხლის ბოლომდე იდგა. ყველა როლი ზეპირად იცოდა, მაგრამ სპექტაკლის წინ მაინც იმეორებდა. საოცარი მომღერალი იყო. ვასოს თაობის არც ერთი მომღერალი ასე დიდხანს ესტრადაზე არ მდგარა. სცენის მიღმა, კულისებში საკუთარ თავზე გამუდმებით მუშაობდა.

როგორც იცით, მას პირველ ცოლთან სესილია თაყაიშვილთან ვაჟი, დათო გოძიაშვილი და ორი შვილიშვილი — მანანა და ნატო ჰყავს. მე და მანანას ერთმანეთს გვამსგავსებდნენ ხოლმე. იმის გამო, რომ გოძიაშვილის შთამომავალი ვარ, ყოველთვის ამაყი ვიყავი.

— საინტერესოა, როგორი იყო ბატონი ვასო სახლში, შინაურებთან?

— ამბობდნენ, რომ ვასო სახლში, ცოტა არ იყოს, მძიმე ხასიათისა იყოო. მე ამას ვერ ვგრძნობდი. ვასო ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. თითოეული წუთი თუ დღე, როცა მასთან ყოფნა მიწევდა, ჩემთვის უდიდესი სიამის მომგვრელი იყო. მას უყვარდა ქეიფი, მაგრამ არა ღრეობა. რაც უნდა დიდებული სუფრა გაეშალათ, სუფრაზე ლობიო აუცილებლად უნდა ყოფილიყო, თანაც, მამაპაპურად გაკეთებული და თონის პურთან ერთად.

მახსენდება, ერთ-ერთი სადილის დროს დანა მოვიმარჯვე და პურის დაჭრა დავაპირე, ვასომ მომაძახა – ნელი, თონის პურს დანით არ ჭრიან, ხელით ამტვრევენ და სუფრაზე ისე აწყობენო.

© photo: courtesy of Nelli Godsiashviliნელი გოძიაშვილი რეჟისორ შოთა მანაგაძესთან ერთად
ნელი გოძიაშვილი რეჟისორ შოთა მანაგაძესთან ერთად - Sputnik საქართველო
ნელი გოძიაშვილი რეჟისორ შოთა მანაგაძესთან ერთად

ვასო ჩვენთან სახლში ხშირად მოდიოდა, ოღონდ მარტო არასდროს მოსულა, თან სამ-ოთხ მსახიობს მაინც გამოიყოლებდა. წარმოგიდგენიათ, რა სიხარული და ბედნიერება იყო ჩვენთვის ამ ბუმბერაზი მსახიობების ნახვა სცენის მიღმა, შინაურ ატმოსფეროში?

— ქალბატონო ნელი, ბუნებრივია, ასეთი გენეტიკის გამო მსახიობობაზე ალბათ თქვენც ოცნებობდით. ბატონი ვასო რა აზრის იყო ამ ამბავზე?

— მსახიობების ოჯახში აღვიზარდე და, ბუნებრივია, ბავშვობიდან ვოცნებობდი, რომ მსახიობი გამოვსულიყავი. დედა გვარად გომელაურია და დედის ორივე ბიძაც მარჯანიშვილის თეატრის მსახიობები იყვნენ, თუმცა მე მათ ვერ მოვესწარი…

ვასომ იცოდა, რომ სკოლის ასაკიდან მსახიობობას ვაპირებდი და მუდამ მეწინააღმდეგებოდა. იმ პერიოდში სპორტზე და ცეკვაზე დავდიოდი და სამოდელო სააგენტოსთანაც მქონდა ხელშეკრულება დადებული. სპორტში მიღწევებიც მქონდა. ვასომ მითხრა, ცეკვა აირჩიეო, მსახიობი თუ გამოხვალ, თეატრით მთელ მსოფლიოს ისე ვერ მოივლი, როგორც ცეკვიდანო…

ქართველი ემიგრანტი იტალიაში ნელი გოძიაშვილი - Sputnik საქართველო
რა გზას გადის ქართველი ემიგრანტი უცხოეთში ლეგალური მუშაობის უფლების მოსაპოვებლად

ერთ დღეს ვასო ჩვენთან სახლში რეკავს და ბებიას ეუბნება, შენ და ნელი სასწრაფოდ გამოდით ჩემთანო. მაშინ სკოლის მოსწავლე ვიყავი. მახსოვს, მასთან კი არ მივდიოდი, მივფრინავდი. სახლში  დაგვხვდნენ მსახიობები ტარიელ საყვარელიძე, გოგი გელოვანი და მესამე არ მახსოვს, ვინ იყო. ვიფიქრე, მეშველა და ჩემ მსახიობობაზე თანახმა არის-მეთქი, მაგრამ სამივემ ერთხმად მითხრა, რომ ნებისმიერი სხვა პროფესია ამერჩია. მეც დავუჯერე, მაგრამ დღეს… ორი ინსტიტუტის დიპლომი დღემდე ბალიშის ქვეშ მიდევს. იმ ორისგან განსხვავებით ქორეოგრაფიული სტუდიის მესამე დიპლომი წარმატებით გამოვიყენე.

სხვათა შორის, როგორც მე ვარ ვასოსთვის, ასევე იყო და არის ლუდა ალიმბარაშვილიც — მეტეხის თეატრის მსახიობი, რომელიც ვასოს დის შვილიშვილია. როცა გავიგე, რომ ლუდა თეატრალურ ინსტიტუტში მოეწყო, ვკითხე, ვასომ არ დაგიშალა-მეთქი? მიპასუხა, ვასოს ვინ დაუჯერა, ჩუმად ჩავაბარეო. ისე, იმ პერიოდში თეატრალურში რატომღაც მართლაც ჩუმად აბარებდნენ. ვიკითხე, აბა, მე რატომ დავუჯერე ვასოს-მეთქი? მიპასუხა, იმიტომ, რომ, ჯერ ერთი, ალალი და დამჯერი ხარ და, მეორეც, მე გვარად გოძიაშვილი არ ვარ და ჩემ გამო ვასოს არავინ დაურეკავდა, შენზე კი ჰკითხავდნენ, ვინ არისო.

— მიუხედავად ამისა, რეჟისორებმა თქვენ მაინც შეგამჩნიეს…

— კი, ასე იყო. „ლონდრეში“ გადამიღეს ეპიზოდურ როლში. ერთხელ, მოწაფეობისას ქუჩაში რეჟისორმა შოთა მანაგაძემ გამაჩერა და მკითხა, გინდა მსახიობი გამოხვიდეო? ვაჰ, ვიფიქრე, ჩემ გულში ზის-მეთქი! ვეუბნები, მაგაზე სულ ვოცნებობ, თან წარმოდგენილი მაქვს, რომ ლამაზი კაბა მაცვია და წითელ ხალიჩაზე მივდივარ, თმის ვარცხნილობაც კი შერჩეული მაქვს-მეთქი. ჰო და, ახლა კინოსტუდიაში უნდა წაგიყვანო, ფილმს ვიღებო.

© photo: courtesy of Nelli Godsiashviliნელი გოძიაშვილი: მსახიობების ოჯახში აღვიზარდე და ბავშვობიდან ვოცნებობდი, რომ მსახიობი გამოვსულიყავი
ნელი გოძიაშვილი: მსახიობების ოჯახში აღვიზარდე და ბავშვობიდან ვოცნებობდი, რომ მსახიობი გამოვსულიყავი - Sputnik საქართველო
ნელი გოძიაშვილი: მსახიობების ოჯახში აღვიზარდე და ბავშვობიდან ვოცნებობდი, რომ მსახიობი გამოვსულიყავი

მოკლედ, კინოსტუდიაში ფილმის პროდიუსერთან მივედით. მკითხეს, რა გვარი ხარო? ვუპასუხე: გოძიაშვილი. გვარი რომც არ გეთქვა, ვასო გოძიაშვილს ისედაც მიგამსგავსეთო, მითხრეს.

მერე მანაგაძე პროდიუსერს ეუბნება, სინჯების აღება არ გვინდა, ქუჩაში იმიტომ გავაჩერე, რომ სახასიათო სახის გარდა სხვა ყველაფერიც უწყობს იმაში ხელს, რომ მისგან მსახიობი დადგეს, მით უმეტეს, ვასოს ჯილაგისაა და მასთან დიდი მსგავსებააო.

მერე შოთამ მკითხა, შეიძლება შენთან ერთად ფოტო გადავიღოო? გავიოცე, რას ბრძანებთ, ეს მე თვითონ უნდა მეთხოვა თქვენთვის და უღრმეს მადლობას გიხდით-მეთქი. ეს ფოტო მაშინდელია, ფოტოს ხასიათიც მანვე შეარჩია.

ამის მერე, ისევ ქუჩაში უდიდესმა რეჟისორმა ვახტანგ ტაბლიაშვილმა გამაჩერა და გვარი მკითხა. ვასოს ხსენებაზე მასაც იგივე რეაქცია ჰქონდა. ამ დროს უკვე ვცეკვავდი, თან სამთვიანი გასტროლები მელოდებოდა, ამიტომ ვუთხარი, სერიალში როლი არ შემომთავაზოთ, ვცეკვავ და გასტროლებზე მივდივარ-მეთქი. გაიკვირვა, რამდენი ოცნებობს მსახიობობაზე, ამის გამო ლამის სტუდიაში გვიცვივდებიან და შენ, ვასოს შვილიშვილი უარს გვეუბნებიო?! მერე დაამატა, ზუსტად იმიტომ მოგვწონხარ, ასე ალალი გოგონა რომ გამოდექიო.

— ალბათ არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ სპექტაკლი „ძველი ვოდევილები“ კარგა ხანი სრული ანშლაგით მიდიოდა და მასზე ბილეთების შოვნა ყოველთვის ძნელი იყო. ამ სპექტაკლზე ხომ არ გახსენდებათ რაიმე ამბავი?

— თქვენს მკითხველს შევახსენებ, რომ „ძველი ვოდევილების“ რეჟისორი და მთავარი როლის შემსრულებელი თავად ვასო იყო. ერთი ამბავი მართლაც მახსენდება: იმ პერიოდში სპექტაკლის პრემიერა იყო და ერთ დღეს ვასოს თეატრში რამდენიმე ბავშვთან ერთად გაუფრთხილებლად დავადექი თავს. ადმინისტრატორმა მიმაცილა ვასოს ოთახში, სადაც ის გრიმს იკეთებდა. რომ დამინახა, შეჰყვირა, რას მიშვები, ერთი ადგილიც არ არის დარბაზში თავისუფალი რომ ჩაგაკვეხო, წინასწარ მაინც გაგეფრთხილებინეო. მერე ადმინისტრატორი გამოიძახა და უთხრა, სასადილოდან ერთი სკამი აიღე და სადმე ჩამიკვეხეო. აქ კი უკვე ვუთხარი, რა ერთი სკამი, გარეთ ათი ბავშვი მელოდება-მეთქი. ვასო გაბრაზდა, გადავირევი, ახლა რა ვქნა, უკან როგორ გაგიშვათო და ისევ გამოუძახა ადმინისტრატორს – იცი, რომ კიდევ 10 სკამი გაქვს ჩასაკვეხებელიო?

ადმინისტრატორმაც მოძებნა 11 სკამი და ჩვენ სულ თავში, პარტერის წინ ჩამოგვამწკვრივა. ერთი გენახათ, რა გაჯგიმულები, ამაყები და ბედნიერები ვისხედით იმ სკამებზე! ისედაც და ასედაც გასაგები იყო, რომ ვასოს ახლობლები ვიყავით და 11 სკამიც პარტერის წინ, ჩაკვეხებული კი არა, სულაც დაბრძანებული იყო.

ჩემი მეგობრები ჩემზე ასმაგად ამაყები იყვნენ. მერე ყველგან ჰყვებოდნენ, როგორი გმირობა ჩავიდინეთ მე და ვასომ.

ყველა ახალი ამბავი
0