თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ძებნა გამოაცხადა დავით ხეჩუაშვილზე, რომელსაც ბრალად ედება პარლამენტის ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობა, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ უწყების პრესსამსახურზე დაყრდნობით.
თარგამაძის მანქანა თბილისის ცენტრში 4 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ააფეთქეს. აფეთქების დროს მანქანაში დეპუტატი თარგამაძე და მისი მძღოლი იმყოფებოდნენ, რომელთაც მსუბუქი დაზიანებები მიიღეს. უფრო მნიშვნელოვნად დაზიანდა ხუთი შემთხვევითი გამვლელი.
აფეთქებიდან სამი დღის შემდეგ, პოლიციამ ჩაატარა რამდენიმე სპეცოპერაცია, როლის შედეგად დადგინდა ეჭვმიტანილი. მოგვიანებით მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ დავით ხეჩუაშვილი საქართველოს შს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელია. ხეჩუაშვილის მშობლებმა განაცხადეს, რომ მას არ შეეძლო ავტომანქანის აფეთქება, რადგან აფეთქებამდე 5 დღით ადრე იგი საქართველოდან გაემგზავრა.
თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების საქმეში კიდევ ერთი ადამიანი ფიგურირებს- ბორის ჩაგუნავა, რომელიც იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერების უკანონო შენახვისათვის დააკავეს. ჩაგუნავას რამდენიმე სახლისა და ავტოფარეხის ჩხრეკის შედეგად, პოლიციამ მთელი არსენალი ამოიღო.
საქმის ორივე ფიგურანტს სასამართლომ გამოძიების მსვლელობის პროცესში თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მათგან ხეჩუაშვილს — დაუსწრებლად.
თარგამაძემ ეჭვი გამოთქვა გამოძიების სამართლიანობასთან დაკავშირებით. იგი საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვს „ტერორისტულ აქტად“