თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. მას შემდეგ რაც ჰიდროელექტროსადგური მწყობრიდან გამოვიდა, სოფელ შატილის მცხოვრებნი ელექტროენერგიას გრაფიკით იღებენ, ნათქვამია საქართველოს მთავრობის შეტყობინებაში.
„მიუხედავად იმისა რომ ჰესის აგრეგატები დაზიანდა, შატილის მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე არ დარჩენილა. ენერგეტიკის სამინისტროსა და „თელასის“ დახმარებით შატილში ჩაიტანეს მძლავრი გენერატორი (65 კვტ) და შვიდი ტონა საწვავი, რის შედეგადაც მოსახლეობას ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდება“, — ნათქვამია შეტყობინებაში.
შატილის მცხოვრებნი ელექტროენერგიას დილის 9:00-დან-11:00 და საღამოს 19:00-დან 23:00 საათამდე იღებენ. სოფელში 13 ოჯახი ცხოვრობს, რომელთაც ადგილობრივი ხელისუფლება 25 კუბომეტრ შეშას დაურიგებს.
ამ დროისათვის უღელტეხილზე თოვლის საფარი 10 სანტიმეტრს არ აჭარბებს. ადგილზე მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალური ტექნიკა, რათა უამინდობის შემთხვევაში დროულად მოხდეს გზის გაწმენდა.
ჰესის რემონტს ერთი თვე დასჭირდება, აღნიშნეს მთავრობაში.