ეს პაწია გოგო გამართულად ლაპარაკობს მშობლიურ ენაზე, ანუ რუსულად, აგრეთვე… ინგლისურად, ფრანგულად, ჩინურად, ესპანურად, გერმანულად და არაბულად.
როგორც ბავშვის დედა, ინგლისური ენის სპეციალისტი ქალბატონი ამბობს, ბელას რუსულის პარალელურად ინგლისურის სწავლა ლამის ჩვილობაშივე დააწყებინა. მერე კი შვილს უცხო ენებისადმი მიდრეკილება შენიშნა და პედაგოგები დაუქირავა.
ორი დღის წინ ბელა ტელეგადაცემა „საოცარ ადამიანებში“ მიიწვიეს, სადაც მას ექვსმა სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ადამიანმა „გამოცდა“ მოუწყო. თითოეული მათგანი ბავშვს ცალკე დავალებას აძლევდა: შეესრულებინა სიმღერა, დაესახელებინა დინოზავრის სახეობა აღწერილობის მიხედვით, გამოეცნო გამოცანა, წაეკითხა ლექსი და პასუხები გაეცა საბუნებისმეტყველო შეკითხვებზე.
გოგონამ უნაკლოდ შეასრულა ყველა დავალება, საჩუქარი დაიმსახურა, პუბლიკა კი გაოგნებული დატოვა.