თბილისი, 17 ოქტომბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა ხარაგაულის რაიონის სოფელ ბორითში 56 წლის მამაკაცი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. მკვლელობის ფაქტი კვირას გლდანი-ნაძალადევის რაიონში, ღოღობერიძის ქუჩაზე მოხდა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ბრალდებულმა, რომელიც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, 67 წლის მამაკაცს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაზარალებული შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა დამნაშავის ცხელ კვალზე დაკავება მოახერხეს. დანაშაულის მოტივად ეჭვიანობა დასახელდა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლი), რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.