თბილისი, 16 ოქტომბერი- Sputnik. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრთა არჩევნების მეორე ტურების და განმეორებითი კენჭისყრის შესაძლო თარიღები განსაზღვრა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს შერეული სისტემით ჩატარდა: 77 დეპუტატი პროპორციული, ხოლო 73 — მაჟორიტარული სისტემით აირჩევა.
ცესკოს მონაცემებით, მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ ამომრჩეველთა ხმების 48,67% მოაგროვა, ოპოზიციურმა პარტიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ — 27,11%. პარლამენტში ასევე შედის ბლოკი „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი — საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“, რომელმაც მინიმალური 5%-იანი ზღვარი გადალახა. რაც შეეხება ერთმანდატიან ოლქებს, მეორე ტური 73 ოლქიდან 50-ში ჩატარდება. 23 ოლქში მმართველმა პარტიამ უკვე გაიმარჯვა. ამ ეტაპზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში 67 ადგილი მიიღო, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 27, ხოლო „პატრიოტთა ალიანსმა“ – 6.
რაც შეეხება განმეორებით კენჭისყრას, 22 ოქტომბერს ჩატარდება. №36 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის №36.22.48 საარჩევნო უბანზე (მარნეული) გაიმართება პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნები, ხოლო №66 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის №66.67.38, №66.67.79 და №66.67.108 საარჩევნო უბნებზე (ზუგდიდი) — როგორც პარლამენტის მაჟორიტარული, ისე გამგებლის არჩევნები.
ცესკო სამართლებრივ აქტებს გამოსცემს, შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ.