თბილისი, 15 ოქტომბერი – Sputnik. თბილისში იმ ადგილას, სადაც ტრანსგენდერს სასტიკად გაუსწორდნენ, პოლიციამ ადგილის დათვალიერებისას დანაშაულის იარაღი – დანა აღმოაჩინა, განაცხადა საქართველოს მთავარი პროკურატურის პრეს–სამსახურის თანამშრომელმა ნათია სუხიაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი2“–ის ეთერში.
დაშავებული ტრანსგენდერი ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე ჰყავთ მიერთებული. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მუხლით „განზრახ მკვლელობის მცდელობა“.
„შსს-მ დაიწყო ფაქტზე გამოძიება, რომელსაც საპროცესო ზედამხედველობას უწევს პროკურატურა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქტიური პირველადი და გადაუდებელი მოქმედებები. დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და ამოღებულია დანაშაულის იარაღი — დანა, რომელიც გადაიგზავნა ექსპერტიზაზე. ასევე მიმდინარეობს ტერიტორიაზე დამონტაჟებულ ვიდეოკამერების ჩანაწერების დათვალიერება“, – განაცხადა სუხიაშვილმა.
წინასწარი ინფორმაციით, თავდამსხმელი რამდენიმე ადამიანი იყო. ინციდენტი ორთაჭალაში, ავტოვაგზალთან ახლოს, პარასკევს გვიან საღამოს მოხდა.