თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აჭარის უმაღლეს საბჭოში არჩევნების შედეგების გასაჩივრებას გეგმავს, განაცხადა პარტიის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ლევან ვარშალომიძემ ტელეარხ „ტვ პირველის“ ეთერში.
წინასწარი მონაცემებით, აჭარის უმაღლეს საბჭოში არჩევნებზე ენმ-მ პროპორციული სისტემით ხმათა 29,62% დააგროვა და მეორე ადგილზე გავიდა. პირველი ადგილი „ქართულ ოცნებას“ ერგო 45,13%-ით.
აჭარის საკანონმდებლო ორგანოში ასევე შევლენ ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობა“ (5,89%) და ბლოკი „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი — საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“ (5,7%).
„[საოლქო საარჩევნო კომისიას] ჩვენთვის უნდა მოეცა შესაბამისი დოკუმენტაცია, რომ წავსულიყავით სასამართლოში. დღეს 12 საათზე ძლივს ავიღეთ ყველა საბუთი… ჩვენ ყველა ამ გადაწყვეტილებით, რა თქმა უნდა, შევდივართ სასამართლოში“, — განაცხადა ვარშალომიძემ.
ვარშალომიძემ ტელეარხის ეთერში ხმის მიცემისა და ხმების დათვლის პროცესში გამოვლენილი დარღვევების დამადასტურებელი ვიდეოჩანაწერები წარმოადგინა, რომელთა ნამდვილობასაც სასამართლო დაადგენს.
მან აღნიშნა, რომ ენმ-ის ყველა კანდიდატი განაგრძობს ბრძოლას მეორე ტურში.
შეკითხვაზე, შევა თუ არა ის აჭარის უმაღლეს საბჭოში, ვარშალომიძემ უპასუხა, რომ გადაწყვეტილებას მხოლოდ არჩევნების დასრულების შემდეგ მიიღებს.