თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. პირველი ქართულ-ამერიკული საზღვაო სწავლებები “ძებნა-გადარჩენის ოპერაცია" ჩატარდა საკურორტო ქალაქ ბათუმში, ამის შესახებ შსს საქართველოს სასაზღვრო პოლიცია თავის facebook გვერდზე იტყობინება.
სწავლებებში მონაწილეობდნენ ოთხშაბათს ბათუმში ჩამოსული ამერიკის მეექვსე საზღვაო ფლოტის ფლაგმანი გემის Mount Whitney-ს პირადი შემადგენლობა და შსს-ს სანაპირო დაცვის პოლიციის თანამშრომლები.
„ჩვენ საქართველოსთან მრავალწლიანი მეგობრობა გვაკავშირებს, თუმცა მსგავსი სწავლებები ჯერ არ ჩატარებულა. დღეს გავითამაშეთ სამძებრო-გადარჩენის ოპერაცია. ხშირად გავდივართ ოკეანეში და ზღვაში გემით და მსგავს ოპერაციებს დიდი მნიშვნელობა აქვს“, — უთხრა ჟურნალისტებს Mount Whintey-ს ეკიპაჟის წევრმა ჯონ დევისმა.
სწავლებების სცენარით, გადასარჩენი იყო ორი კაცი, რომლებიც იხრჩობოდნენ ღია ზღვაში. ოპერაციაში მაშველებმა მყვინთავები ჩართეს და მაშველებმა წარმატებით გაართვეს თავი ამოცანას.
გემი Mount Whitney საქართველოში ზღვაში უსაფრთხოების გაზრდის, სტაბილურობის, მზაობის და აშშ-ს მეკავშირეებთან პარტნიორული ურთიერთობების მიზნით ჩამოვიდა, ნათქვამია აშშ-ს მეექვსე საზღვაო ფლოტის გვერდზე.
საფლაგმანო გემი Mount Whitney ექსპლუატაციაში 1971 წელს შევიდა. იგი კალიფორნიის შტატში ყველაზე მაღალი მთის სახელწოდებას ატარებს. 2005 წლიდან დღემდე Mount Whitney იტალიის საპორტო ქალაქ გაეტაშია ბაზირებული. მეექვსე ფლოტი აშშ-ს სამხედრო საზღვაო ძალების ევროპის სარდლობას ემორჩილება.