თბილისი,14 ოქტომბერი— Sputnik. საქართველოს სამბოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა რუმინეთის ქალაქ პლოეშტიში გამართული მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატის საერთოგუნდური ჩათვლა მოიგო, იუწყება სამბოს საერთაშორისო ფედერაციის საიტი.
ქართველი სამბისტების ანგარიშზე ოთხი ოქროს, სამი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალია. ამ მაჩვენებლით მათ რუსეთისა და უკრაინის გუნდებს გაუსწრეს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ: ჯაბა პაპინაშვილი (-57 კგ), ლუკა მასურაძე (-80 კგ), ნიკა სიდამონიძე (-87 კგ), გელა ზაალიშვილი (+87 კგ).
რაც შეეხება საქართველოს იუნიორთა ნაკრებს, საერთოგუნდურ ჩათლაში მან მეორე ადგილი მოიპოვა, პირველ ადგილზე რუსეთის გუნდია, მესამეზე კი უზბეკეთის.
იუნიორთა თანრიგში ქართველებმა სამი ოქროს მედალი მოიპოვეს (ირაკლი კუპატაძე (-57 კგ), ზვიად თევდორაშვილი (-74 კგ) და დავით ოზბეთელაშვილი (-100 კგ), ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი.
კიდევ სამი მედალი (ორი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო) საქართველოს ნაკრების ყულაბას გოგონებმა შემატეს.