მისი ცნობილი ჰიტი „ზოგი ასე უბერავს“ დღევანდელ სოხუმში ძალიან პოპულარულია. ამ სიმღერის ტექსტი ესმა კოკოსკირმა და ზურაბ შენგელიამ თარგმნეს. არც ისე დიდი ხნის წინ კი მან რამდენიმე ღამეში მისტიური პოემა დაწერა, მაგრამ თბილისობის წინა დღეს მას თბილისსა და თბილისელებზე სასაუბროდ დავუკავშირდით.
- გია, რას ნიშნავს შენთვის თბილისის ფენომენი?
— თბილისი —კარგად დაარქვა დათო ევგენიძემ…
- მე კი მეგონა, გორგასალმა დაარქვა..
— არა, კომპოზიტორმა დათო ევგენიძემ ნოტების კუთხით დაარქვა: თბილი-დო, თბილი- რე, თბილი- სი…. თბილისი არის ადგილი, სადაც მთელი საქართველო ჯვარდება… თუ რას ვგულისხმობ ამას ლექსით გეტყვით:
„ჩემო ღვთისმშობლის წილხვედრო მიწავ,
ქართა ველს სხვა ველს ვერ ვადრი, ვფიცავ,
აქ დაიწყოო ღმერთმა წყალობა და ერთა შორის ერთიანობა.
ეს მადლი ყველა ერს მიეცემა და მთელ მსოფლიოს გადაეცემა.
საქართველოა მაუწყებელი, რომ ერთობაა შესაძლებელი
იმერნო, ბაღი აღადგინეთო, მეგრელნო, ნანა უღიღინეთო,
კახელნო, ვენახს თქვენ მიხედეთო, რაჭველნო, პური შეაშველეთო.
გურულნო, კრიმანჭული აქეთო, ხევსურნო ჩოხა თქვენ მოქარგეთო,
სვანნო, დედ-უშგულს უერთგულეთო, აჭარელებო, ზღვას გაუგეთო,
გენნო ოსთა და აფხაზთა ბრძენთა ქართლელებივით აქეთო მცხეთა,
— აქ დაიწყოსო ძმობაო ერთა- თქვა ღვთისმშობელმა და შეგვაერთა.
აქ დაიდოსო სიკეთემ ბინა, ეს დაიბარა და მიიძინა,
გვენდო გამზრდელებს მშობლებს და ძიძებს,
დრო კი ცოტა გვაქვს, უკვე იღვიძებს…
— ჰოდა, ეს ყველაფერი ჩვენს თბილისში ხდება. ყველა ერი თბილისში ერთდება და ჯვარდება. თუმცა ყველანი ქართველები ვართ, მაგრამ სხვადასხვანი ვართ, სხვადასხვა კუთხის შვილები. ჩვენს მთავარ ქალაქში კიდევ სხვა ერის წარმომადგენლებიც არიან, ვისაც გულწრფელად უყვარს ეს ქალაქიც და ჩვენი ხალხიც.
- რომელია შენთვის ყველაზე დაუვიწყარი თბილისური მოგონება, რომელიც ახლა კადრივით გახსენდება?
— ბევრი რამ მახსენდება, მაგრამ რომ მკითხე, უცებ ერთი შემთხვევა მართლა კადრივით წამომიტივტივდა მეხსიერებაში: პატარა ვიყავი და ბაბუაჩემს ვერაზე, კალანდაძის ქუჩაზე მივყავდი. ზამთარი იყო და მე ციგაზე ვიჯექი. მახსოვს, გვერდით ვასილ მჟავანაძემ ჩაგვიარა. ის თავის სახლთან სულ ფეხით და მარტო სეირნობდა ხოლმე. რატომღაც ხელი დავიქნიე, მან ქუდი მოიხადა და ისე მომესალმა. სულ ესაა, მაგრამ ეს კადრი რატომღაც მეხსიერებაში ჩამრჩა. ალბათ იმიტომ დამამახსოვრდა, რომ ასეთმა სახელმწიფო დონის ადამიანმა, მე, პატარა ბავშვს მისალმების ნიშნად ქუდი მომიხადა. ეს მაგარი რამეა, თბილისელისთვის დამახასიათებელი, თავმდაბლური და კაცური ჟესტი. ისე, გალაკტიონი რომ შემხვედროდა, ალბათ, იმ ამბავს უფრო გავიხსენებდი, მაგრამ სამწუხაროდ არ შემხვედრია…
- გია, თქვენთვის თბილისური ავტორიტეტი ვისით იზომება?
— თბილისური ავტორიტეტი ჩემთვის იზომება: რევაზ ლაღიძით, ბიძინა კვერნაძით, გალაქტიონით. გიზო ნიშნიანიძესთან ურთიერთობის ამბები კი მთელი ცხოვრება თან გამყვება. მიყვარს მისი „პაემანი ვერაზე“- თბილისური ურთიერთობებისა და ქცევის ნამდვილი კოდექსი. მე ვერაზე ვსწავლობდი. მოსამზადებელ კლასში ჯერ 53-ე სკოლაში შევედი, შემდეგ 55-ე ში გადავედი და მერვე კლასიდან ისევ 53-ე ში დავბრუნდი. საბოლოოდ ეგ სკოლა დავამთავრე და ჩვენი ქალაქის წეს-ჩვეულებები და ტრადიციები ბავშვობიდან ავითვისე. ადამიანებს შორის ურთიერთობები ვერაზე, ვაკესა და სოლოლაკში, ნახალოვკასა და პლეხანოვზე რომაა- ისეთი ალბათ მსოფლიოს არც ერთ ქალაქში არ არის, ეს მარტო ჩვენია, თბილისურია და არა მოგონილი.
- ამ ბოლო დროს რაიმე ცუდ ტენდენციას თუ ამჩნევ ამგვარ ურთიერთობებს?
— შენ წარმოიდგინე, ვამჩნევ. თბილისურმა ურთიერთობებს ბოლო დროს ცოტა სხვაგვარი შეგნება თუ შეუგნებლობა დაეტყო და ეს ძალიან მწყინს. დღევანდელი ჩვენი მოქმედებებიდან გამომდინარე, რატომღაც მეჩვენება, რომ კომპლექსიანი ერი ვართ, გვეშინია ვიყოთ ზრდილობიანები და თავაზიანები, რაც თბილისს ყოველთვის ახასიათებდა. რატომღაც ძველბიჭური აქცენტები შეინიშნება ჩვენს ქცევაში, თითქოს ვიღაცამ ან რაღაცამ დაგვაშინა… რატომღაც მადლობის თქმა გვეშინია და სიკეთის გამოხატვის კი გვრცხვენია… გამუდმებით ბარბარიზმებით ვლაპარაკობთ და სუფთა ქართულით ლაპარაკს ვერიდებით, რაც არც ერთ ერში არ შეიმჩნევა… ჩემი თაობის თბილისელებში თუმცა ძველი ბიჭებიც იყვნენ, მაგრამ მათში რაღაც რაინდული თვისებებიც იყო. ახლა სამწუხაროდ სხვა ტენდენციას ვამჩნევ და ამის გამო გული მტკივა…
- რაიმე ფორმულა რომ არსებობდეს შეუძლებელია, მაგრამ მაინც, როგორი უნდა იყოს ყველა დროის თბილისელი?
— როგორი უნდა იყოს და- ერლომ ახვლედიანისნაირი, ბიძინა კვერნაძისნაირი, გუჯა ბურდულისნაირი… დარბაისელი და თავაზიანი უნდა იყოს- ეს თვისებებია ადამიანობისა და კაცობის საზომი… ყველას გილოცავთ თბილისობას და მინდა სიცოცხლეშივე დავაფასოთ ჩვენს გვერდით მყოფი ნაღდი ქალაქელები, დავაფასოთ ერთმანეთი და სიცოცხლე, რომელიც ღმრთმა ამ ერთადერთ და განუმეორებელ ქალაქში გვარგუნა…