თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. მოსკოვიდან ერევანში მიმავალი სამგზავრო ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილის შეჯახებისას ხუთი ადამიანი დაიღუპა, 27 — დაშავდა. შემთხვევა ქალაქ ბესლანის შემოგარენში მოხდა, იუწყება „Sputnik სომხეთი“.
ავტოსაგზაო შემთხვევა ადგილობრივი დროით 04.30 საათზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავტობუსი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა. ავტობუსში 50 ადამიანი, პრაქტიკულად ყველა — სომხეთის მოქალაქე იმყოფებოდა. დაშავებულთა შორის ოთხი ბავშვია — 10-დან 15 წლამდე ასაკის.
მოზარდები სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებებით ვლადიკავკაზის საბავშვო საავადმყოფოში გადაიყვანეს. ავარიაში დაშავებულებისთვის ბესლანის კულტურის სახლში დროებითი განთავსების ადგილი გაიხსნა.
„ოთხი ბავშვი როსტოვის ოლქის მცხოვრებია, ისინი ერევანში შეჯიბრებაზე მიდიოდნენ. ორი მძიმე, ორიც — საშუალო სიმძიმის მდგომარეობით. დაღუპულია ერთი ქალი და ოთხი მამაკაცი. ყველა სომხეთის მოქალაქეა“, — განაცხადა ანონიმურმა წყარომ სომხეთის მთავრობაში, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.
მომხდარის ოფიციალური მიზეზი უცნობია, მაგრამ უფრო ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავტობუსის მძღოლს საჭესთან ჩაეძინა. მძღოლი სომხეთის მოქალაქე იური პოღოსიანი აღმოჩნდა.
ცნობილი ხდება, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული სომხეთის მოქალაქეების ერევანში ტრანსპორტირებისთვის რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო სპეციალურ თვითმფრინავს გამოყოფს.
შემთხვევის დროს დაშავებულების შესახებ ინფორმაციის მისაღებად სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა ე.წ. „ცხელი ხაზი“ აამოქმედა.